თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულში შევიდა, სადაც სმარტფონები ყველაზე ნაკლებად განიცდიან ე.წ. მავნებლების — საზიანო პროგრამების შეტევებს — შესაბამისი მონაცემები წარმოადგენილია პორტალზე Securelist „კასპერსკის ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით.
მავნებლები — სხვადასხვა ფუნქციონალის საზიანო აპლიკაციებია. ზოგიერთი მათგანი მოიპოვებს მნიშვნელოვან საბანკო მონაცემებს და მომხმარებლის ფულს იპარავს, სხვები — მოწყობილობის მუშაობას ბლოკავს, სანამ მითითებული თანხის სანაცვლოდ განბლოკვა არ მოხდება. უმეტეს შემთხვევაში ეს თანხა 100-200 დოლარს შეადგენს.
2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში კიბერშეტევა მოსახლეობის 2,2%-ზე განხორციელდა. უფრო უსაფრთხოდ მხოლოდ დანია (1,9%) და იაპონია (0,8%) მიიჩნევა.
ეს მონაცემები კომპანიამ მობილური ანტივირუს „კასპერსკის ლაბორატორიას“ მფლობელებს შორის გამოთვალა.
„კასპერსკის ლაბორატორია“ საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა კომპიუტერული ვირუსების, ჰაკერული შეტევებისა და სხვა კიბერსაფრთხეებისაგან დაცვის სისტემების შემუშავებას უკავშირდება. კომპანია 200–ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ცენტრალური ოფისი მოსკოვში მდებარეობს.
საქართველოში დღეისათვის სხვადასხვა ინტერნეტ-პროვაიდერების 704 ათასზე მეტი აბონენტია, მათ შორის 247 ათასი — თბილისში. საქართველოში არსებული ინტერნეტი რეგიონში ყველაზე თავისუფალია. ამერიკულმა არასამთარვობო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოს 24 ქულა მიანიჭა ისეთი სკალის მიხედვით, სადაც 0 — ინტერნეტის კუთხით ყველაზე თავისუფალი ქვეყნებია, ხოლო 100 — ყველაზე ნაკლებად თავისუფალი.