გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია – ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან სულ 100 კილომეტრში მდებარეობს.
ტურისტული სეზონის დაწყება კურორტის სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა და განაცხადა, რომ კურორტზე ოთხი ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებაა დაგეგმილი.
„გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს“, – განაცხადა პატარაძემ.
მისი თქმით, დასრულებულია შიდა გზებისა და გარე განათების მოწყობა.
„გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესი პრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“, – აღნიშნა პატარაძემ.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საბაგირო გზის ქვედა სადგურზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდებოდა.
კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, წელს კი კურორტს კიდევ ორი მცირე ზომის საბაგირო, 200-მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრი.
კურორტზე მოეწყო 1700 მეტრზე მეტი სიგრძის შიდა გზა და სანიაღვრე არხები, განთავსდა განათების ბოძები.
სამთო-სათხილამურო კურორტზე ამჟამად 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც აჭარის მთავრობის პრეს–ცენტრი აღნიშნავს, ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო ადგილი და 435 ტურისტების განთავსების ადგილი დაემატება.
კურორტზე ამჟამად სასტუმროს ტიპის ორ- და ოთხნომრიანი შვიდი კოტეჯი ფუნქციონირებს, რომლებიც 100 ადგილზეა გათვლილი. ზამთრის სეზონი აქ დეკემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. თუმცა გოდერძის მშვენიერი ბუნებით დატკბობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.