თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად — მათ შორის ორი მცირეწლოვანია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "112"-დან შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 14:44 სთ-ზე შევიდა. მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 229-ე მუხლით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა), რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები და მანქანები დაზიანდა.