თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ ოზურგეთში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითის მცხოვრები, 52 წლის ტარიელ სიგუა სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
ხიდი, რომელზეც მამაკაცი გადადიოდა, მწყობრიდან იყო გამოსული და სწორედ ამის გამო მოხდა უბედური შემთხვეევა.
„უბედური შემთხვევა იყო. სავარაუდოდ, მამაკაცმა ქვას თავი დაარტყა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა“, – აცხადებს ძიმითის დეპუტატი საკრებულოში ტიტე მგელაძე.
ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის თქმით, ოზურგეთის მერია დაღუპულის ოჯახს თანაუგრძნობს და მის ოჯახს დახმარებას აღმოუჩენს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.