ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ „დიდი პატარებიც“, რომლებსაც სითბო, სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ. ხანდაზმულთა სახლი „სახლი საზღვრებს გარეშე" — ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარეობს. ამ დროისთვის თავშესაფარში შვიდი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესი ნაწილი 80 წელს გადაცილებულია. ზოგიერთი მათგანი მარტოხელაა, ზოგიერთზე კი თავად ოჯახმა თქვა უარი. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მათგან წერილები მიიღო. ისინი საახალწლოდ თბილ წინდებზე, თბილ ხალათზე, თბილ ქუდზე და ხელჯოხზე ოცნებობენ.
მიშა ილურიძე - 83 წლის:
— შვილებმა მიმატოვეს. ვცხოვრობ ხურვალეთის თავშესაფარში. საახალწლოდ მინდა „კაკუჩა“, ანუ ხელჯოხი და თბილი ქუდი.
არდაგი ილურიძე- 89 წლის:
— ვაჟიშვილი გარდამეცვალა. ვცხოვრობ ხურვალეთის თავშესაფარში. საახალწლოდ საჩუქრად ვისურვებდი თბილ ქუდს და თბილ წინდას.
ლიზა კირაკოვა — 89 წლის:
— შვილები არ მყავს, ხურვალეთის თავშესაფარში ვცხოვრობ. საახალწლოდ საჩუქრად ვისურვებდი თბილ სპორტულებს.
გულო ბოლოთაშვილი — 69 წლის:
— მე ვარ გულო. ვარ მარტოხელა და უსახლკარო. ვცხოვრობ ხურვალეთის თავშესაფარში. საახალწლოდ გამიხარდება თბილი შარფი.
სანდრო ხაჩირაშვილი – 81 წლის:
— საახალწლოდ ვისურვებდი თბილ შარვალს და ქუდს. ასთმა მაქვს.
ნანული ბიძინაშვილი — 67 წლის:
— მე ვარ ნანული, ძალადობის მსხვერპლი. ჩემი ბინიდან გამომაგდეს. ვცხოვრობ მოხუცთა თავშესაფარში. საახალწლოდ საჩუქრად ვისურვებდი თბილ სვიტრს და თბილ წინდებს.
ინგა არგუტინსკაია – 87 წლის:
— შვილები არასოდეს მყოლია. პომადას, სახის მკვებავს და თბილ ქუდს ვისურვებდი საჩუქრად.
ვკითხულობდი მათ წერილებს და გული დარდით მევსებოდა. წარმოვიდგინე მათი წყლიანი, დიდრონი თვალები, ნაოჭებით დაღარული სახე, აკანკალებული ხელები და სევდით დაბზარული გულები. ერთ დროს მათ თავზე დიდების მზე კაშკაშებდა, მუხლიც კაჟივით ძლიერი ჰქონდათ, თუმცა წლების შემდეგ წისქვილის ქვა უკუღმა დატრიალდა და ყველაფერი შეიცვალა. ისინი სრულიად მარტო აღმოჩნდნენ სამყაროს წინაშე. ვინ და რატომ თქვა მათზე უარი, ეს კიდევ სხვა თემაა. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ცხოვრებაში ყველაფერი მატერიალური მეორეხარისხოვანია. მთავარი მაინც გრძნობები, სიყვარულის გამოხატვა და თანადგომაა. ჩვენმა ერთმა სიტყვამ, ღიმილმა, ერთმა ჩახუტებამ შესაძლოა მათ ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გააღვივოს.
დღეს ისინი იმ იმედით საზრდოობენ, რომ ოდესმე თავშესაფარში მიაკითხავენ შვილები, რძლები, დები, ძმები, ძველი მეზობლები, ამიტომ წვიმით დაცვარული ფანჯრებიდან სევდიანად იმზირებიან და მათი სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაფაციცებით გაჰყურებენ.
…დასასრულისთვის გოდერძი ჩოხელის სიტყვებს მოვიშველიებ: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს“.