თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს კიევში დააკავეს.
უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კიევში ოტროდნაიას ქუჩაზე დააკავეს, აღნიშნული ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.
ამასთან, ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, საქართველოს ექს–პრეზიდენტის დაკავება პოლიციის ერთ–ერთი მოქმედი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.
როგორც ტელეკომპანიასთან საუბრისას სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ერთ–ერთი მეგობრის ბინაში დააკავეს, სადაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარვების ქალაქიდან მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, მისი მომხრეები იკრიბებიან.