თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. გმირთა მოედანზე ესტაკადის ქვეშ გაჭედილი ტრაილერის მძღოლი დააჯარიმეს, რადგან ქალაქში სატრანზიტო მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო, რადგან ტრაილერს ესტაკადის „ტყვეობიდან“ ათავისუფლებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მანქანას აზერბაიჯანის ნომრები ჰქონდა.
„მან იქ გაიარა, სადაც არ უნდა გაევლო, წესები დაარღვია, გაიჭედა. ხიდს არ აქვს ასეთი გამტარუნარიანობა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, — განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.
სამარტალდამცველებმა მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.
შსს-ს მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ესტაკადა არ დაზიანებულა, თუმცა ტრაილერი დაზიანდა.