თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ქალების ერთ მესამედზე მეტი ეკონომიკურად არააქტიურია მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლოთ, განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა.
გაეროს განვითარების პროგრამამ და კავშირ „საფარიმ“ კვლევის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი” პრეზენტაცია გამართეს.
„საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო დასაქმებული ქალები კაცებზე საშუალოდ 35%–ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. აბსოლუტურად ცხადია, რომ საქმე გვაქვს უზარმაზარ გამოუყენებელ რესურსთან, რომლის ეკონომიკაში ჩართულობა, შესაძლოა, ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად აისახოს“, — განაცხადა შარპმა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების მიმოხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
„მისასალმებელია ის, რომ საქართველოს უკვე აქვს საამისო სოლიდური საკანონდებლო და ინსტიტუციური საფუძველი. ამ კვლევამ გამოააშკარავა ის საჭიროებები და შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ახლა უნდა გადავდგათ, კერძოდ, ხელი შევუწყოთ უფრო ეფექტიანი ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებასა და დანერვას, საჯარო უწყებების, საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე“, — აღნიშნა შარპმა.
მისი თქმით, გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ამჟამად უწყებათაშორისი სააგენტო მუშაობს, ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობებს იძლევა.
კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის ხელისუფლების, საერთაშორისო დონორებისა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კვლევა ეფუძნება სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული პროგრამების წარმომადგენელთა გამოკითხვას. ანგარიშში წარდგენილია რეკომენაციები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს მიეცა.