თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, მგზავრთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 11 თვის განმავლობაში 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55,80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა — 136 108 მგზავრით მეტი.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გასული თვეების განმავლობაში 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59,11%-ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 72,80%-ით მეტია. ამბროლაურის აეროპორტმა კი წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე 1 687 მგზავრს მოემსახურა.
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ — 19 496 იყო, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების – 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით ზრდა 38,30%-ს შეადგენს.
12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმაც. 2016 წლის 11 თვის განმავლობაში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეულის გადაფრენა დაფიქსირდა.
2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების მხრივაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 29 895, 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით, შესაბამისად, 1.86%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა.