საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

გამოწერა
ევროპული პირველობის შესარჩევ ტურნირებში ახალგაზრდული ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან მოხსნეს

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტეს, ნათქვამია სფფ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სფფ მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში.

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთის გუნდთან დამარცხდა

„ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“, — განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

გეგუჩაძე საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს სათავეში 2016 წლის იანვარში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ევროპის U-21 2017 წლის ჩემპიონატის მეექვსე შესარჩევ ჯგუფში გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ტურნირზე კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა. არც ისე წარმატებულად დაიწყო გუნდისათვის ევრო-2019 U-21-ის შესარჩევი კამპანიაც. ხუთი გამართული შეხვედრიდან ქართული გუნდის აქტივში სულ ოთხი ქულაა, და კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის მან მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა.

ვინ შეცვლის გეგუჩაძეს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


ყველა ახალი ამბავი
0