თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ბულგარელ თანატოლებთან ბლაგოევგრადში გამართულ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა ანგარიშით 1:2, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-16 წუთზე გიორგი კუციას ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რომელმაც ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვების გოლის გატანაც შეძლო.
ნაკრებებს შორის პირველ ამხანაგურ მატჩში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მინიმალური ანგარიშით გამარჯვება გიორგი ყიფიანის აღსაზრდელებმა მოიპოვეს.
ეს თამაშები ორივე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის (U-19) მზადების ნაწილია. ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში — თბილისსა და გორში 2-15 ივლისს ჩატარდება.
А ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის გუნდები.
В ჯგუფში ერთმანეთს შეხვდებიან გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის ფეხბურთელები.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე თავის პირველ მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ 2 ივლისს გამართავს.