მოგზაურობა, როგორც „უკურნებელი სენი“

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. ნათია ჩალაძე 28 წლისაა, სულ რამდენიმე დღეში დაბადების დღე ექნება, რომელსაც კანარის კუნძულებზე აღნიშნავს.

ნათია „სანტე ჯი-ემ-თი“ პროდუქტებში პიარ- და სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს. იგი ასევე არის ლილიუმის ბლოგის ავტორი, რისი საშუალებითაც მკითხველს მოგზაურობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს და რჩევებს უზიარებს. ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის ყველაფერია, ამიტომ მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ცხოვრობს.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

— სიამოვნებით დავიბრალებდი, რომ სხვა ჰობიც მაქვს, მაგალითად, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ქსოვა, ქარგვა, კულინარია, მაგრამ იშვიათად მეგულება ჩემნაირი მოუხერხებელი ადამიანი, მსგავსი არაფერი გამომდის, ამიტომ მხოლოდ მოგზაურობას, ფოტოგრაფიას და მოტივაციური ვლოგების ყურებას თუ ვუწოდებ ჰობს.

– როგორც ვიცი, ცოტა უცნაური დამოკიდებულება გაქვთ მოგზაურობასთან…

— როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოგზაურობა ჩემთვის ყველაფერია, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ოთხი თვე მაქსიმუმია, რომელიც მშვიდად შემიძლია გავატარო ახალი ადგილის უნახავად. მერე „არაეფექტური“ ვხდები და სანამ ახალ ემოციას არ ვიპოვი, არაფერი მიხარია.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– ყველაფერი პირველი განსაკუთრებულად ამახსოვრდება ადამიანს. ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორ გაიხსენებდით თქვენ პირველ მოგზაურობას?

— დაახლოებით ოთხი წლის წინ პირველად სტამბულში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ათნი ვიყავით, თუ სწორად მახსოვს. მსგავსი შეცდომა ამის მერე აღარ დამიშვია. სტამბულის აღქმა ვერ მოვასწარი, ჩემთვის ჯგუფური მოგზაურობა არასაინტერესოა იმ მხრივ, რომ ძნელია ყველა ერთად შეთანხმდეთ დღის განრიგზე, და ისე წამოვედი, დღემდე მგონია, რომ ბევრი რამე არ ვნახე და უკეთესად შემეძლო იმ დღეების გამოყენება. თუმცა სტამბული ძალიან მომეწონა, ევროპის და აზიის ნაზავი ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით „ბაზილიკა ცისტერნას" გამოვყოფდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი გაუნძრევლად და ვუყურებდი, წაკითხული მქონდა, რომ აქ რამდენიმე წლით ადრე ლუჩანო პავაროტის კონცერტი იყო. ჩემთვის წარმოვიდგინე, რა ემოცია ექნებოდათ იქ მყოფ ადამიანებს.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– ალბათ ამის მერე გაგიმძაფრდათ მოგზაურობის სურვილი, ეს ერთგვარი აზარტი ხომ არ არის?

— კი, სტამბულში მოგზაურობამ შთამაგონა მოგზაურობა და მას მერე აღარ გავჩერებულვარ.

– დღეს უკვე რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი?

— 15-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ორჯერ მეტ ქალაქში. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე პორტუგალიამ მოახდინა. არ მომბეზრდება ამ ქვეყანაზე საუბარი. სხვა ადგილებიდან გამოვყოფდი ბარსელონას, რომელიც ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან და კორფუს კუნძულებს საბერძნეთში.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– აღნიშნეთ, რომ არ გიზიდავთ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა, თუმცა, ალბათ, არსებობენ ადამიანები, ვისთან ერთად მოგზაურობაც სიამოვნებას განიჭებთ. ვოიაჟის დროს ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რამდენად საინტერესოა მათთან ერთად მოგზაურობა?

— მოგზაურობისას სასტუმროზე და ლოკაციაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ადამიანია, ვისთან ერთადაც დროს ატარებ. მნიშვნელოვანია, რამდენად ემთხვევა თქვენი ინტერესები ერთმანეთს, რა პრიორიტეტები გაქვთ და ა.შ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადამიანი ვიპოვე. ერთმანეთი ბარსელონაში გავიცანით და იქვე გავხდით საუკეთესო მეგობრები. ამრი ეგვიპტელია და ჩემნაირად შეყვარებულია მოგზაურობაზე. რამდენიმე თვეში პირველად პორტუგალიაში წავედით ერთად. საუკეთესო მოგზაურობა იყო ჩემ ცხოვრებაში, 15 დღიდან ყველა ერთმანეთზე სასიამოვნოდ მახსენდება. პორტუგალიაში ორჯერ ვიყავი ამ წელს, ჯამში 31 დღე, და შემდეგ წელსაც აუცილებლად წავალ. უკვე მრცხვენია კიდეც, რომ მეკითხებიან, შემდეგი ტური სად გაქვსო, პორტუგალია მიტრიალებს გონებაში. მაგრამ თავს ვებრძვი, რომ ცდუნება დავძლიო და სხვა ადგილებიც ვნახო.

– თავად გეგმავთ ტურს, თუ ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ გარკვეული დეტალების მოსაგვარებლად?

— ტურს ყოველთვის ჩემით ვგეგმავ. პირველად როცა წავედი ევროპაში, ერთ-ერთ ტურისტულს მივმართე და კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ყველა შემდეგი ტური ჩემით დავგეგმე და ეს უფრო სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– ყველაზე საუცხოო რა გინახავთ, რამაც თქვენი აღფრთოვანება გამოიწვია?

— მუზეუმები არ მიყვარს, ერთადერთი, რომელიც ვნახე, Zwinger-ის ოქროს მუზეუმია დრეზდენში, სულ ესაა. ჩემ თავს „ხედებზე მონადირეს“ ვეძახი ხუმრობით. ადგილს იმის მიხედვით ვარჩევ, ჩემი აივნიდან, სახლიდან, სასტუმროდან, კუნძულიდან ან ქალაქიდან როგორი ხედი მექნება. ყველაზე საუცხოო, რაც მინახავს და მართლა რომ სუნთქვა გამეყინა, არის ალგარვეს რეგიონი პორტუგალიაში, კუნძული ანტიპაქსოსი საბერძნეთში, ტოსა დე მარი ესპანეთში,  ჩეშკი კრუმლოვი ჩეხეთში.

– როგორც ვხვდები, უფრო ეგზოტიკური ადგილები გიზიდავთ ვიდრე მეგაპოლისები ან კულტურული ცენტრები?..

— მეგაპოლისები არ მიყვარს. ბერლინში ოთხი დღე ვიყავი და ძალიან მოვიწყინე, ვინანე, რომ ჩავედი. ღამის ცხოვრება და კლუბები არ მიყვარს. ქალაქში ბოდიალი არის ჩემი სტიქია. შესაბამისად, ვერ ვისიამოვნე ამ ქალაქით. პარიზი მომეწონა, თუმცა არც იმდენად, რომ მეორედ დაბრუნება მომინდეს. მივხვდი, რომ დიდი ქალაქები არ მიზიდავს და შევეშვი. ეგზოტიკური ადგილები ძალიან მიყვარს. ძირითადად ისე გამოდის, რომ ან პატარა ზღაპრულ ქალაქებს ვნახულობ, ან ეგზოტიკურ ადგილებს.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– როდის დაგებადათ განცდა, რომ მსოფლიო აღმოაჩინეთ?

— ჩემი წარმოდგენა მსოფლიოზე პორტუგალიამ შეცვალა. იქამდე ბევრ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ვერც ერთს ვერ შევადარებ იმ შეგრძნებას, რაც იქ ყოფნისას გამიჩნდა.

– ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში?

— წინა წელს ჩემ დაბადების დღეზე გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი ვარშავაში ქუთაისიდან. სულ სამი დღე მქონდა, აქედან 24 საათით რეისი გადაიდო და წყალტუბოს სპა რეზორტში ამოვყავი თავი. რეისი ისეთ დროზე დაინიშნა, რომ წასვლას აზრი აღარ ჰქონდა. ერთი ღამე გამომდიოდა და მეორე დღეს უკან უნდა წამოვსულიყავი. მეგობარს დავურეკე და ვთხოვე ჩამოეკითხა ჩემთვის და თბილისში წამოვეყვანე. ბარგის ჩალაგება რომ დავიწყე თბილისში დასაბრუნებლად, მივხვდი, რომ 38 საათი ვარშავაში ნებისმიერ ვარიანტში უკეთესი იქნებოდა და მაინც წავედი. საბოლოოდ ვარშავა დიდად არ მომეწონა, მაგრამ ისეთი ლამაზი საშობაო მორთულობა ჰქონდათ, მაინც კარგად დამამახსოვრდა.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— თბილისში დასაბრუნებლად პორტუგალიიდან მილანში მქონდა ფრენა. ალგარვეში ვიყავით, იქიდან პორტოში უნდა ჩავსულიყავი, რომ გამოვფრენილიყავი. საღამოს 9 საათზე გამოდიოდა ავტობუსი და დილის 6 საათზე მქონდა ფრენა პორტოდან, რომელიც 600 კილომეტრშია ლაგოადან. მე და ამრი ორი საათი ველოდეთ ავტობუსს და არ გამოჩნდა. პანიკა მქონდა, გაჩერებაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მახსოვს ისე ვინერვიულე, ვიტირე კიდეც. ბოლოს მოვიდა ავტობუსი, მაგრამ არა ჩვენი. მძღოლს ავუხსენით, რომ პორტოში უნდა ვყოფილიყავით მაქსიმუმ ოთხ საათში. გვითხრა, ლისაბონში მივდივარ და წაგიყვანთ, იქიდან კი როგორმე პორტოს ავტობუსი მოვნახოთო. უკვე გვიანი იყო, სხვა არჩევანი არ გვქონდა და გავყევით. სადგურზე სანამ მგზავრები ჩამოვიდოდით, ამოვიდა გამცილებელი და ჩვენი სახელი და გვარები გამოაცხადა. პორტოს ავტობუსი უნდა გასულიყო 40 წუთის წინ, გადმოცემული იყო, რომ რეისზე გაგვიანდებათ და დაგელოდეთო. ხმას ვერ ვიღებდით გაოცებისგან. შვიდი თვის შემდეგაც კი ძალიან ემოციურად ვიხსენებ ამ საოცარ ხალხს და მათ უკეთილშობილეს საქციელს!

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე
ნათია ჩალაძე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე

– ალბათ მოგზაურობის დროს უცხო ქვეყნის ტრადიციულ კერძებსაც აგემოვნებთ. რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— გურმანს ვერ დავარქმევ ჩემ თავს, რადგან მეშინია ახალი და უცხო კერძების გასინჯვა. იმდენი რამე არ მიყვარს ბოსტნეულიდან და ხორცეულიდან, სულ მგონია არაფერი მომეწონება. ერთადერთი რაც ახალი დავაგემოვნე და მომეწონა, იყო პაელია ესპანეთში და ზღვის პროდუქტები საბერძნეთში. თევზეული და ზღვის პროდუქტი არ მიყვარს, ამიტომ ეს ჩემი „პირადი მიღწევა“ იყო.

– ქვეყანა, სად წასვლაზეც ოცნებობთ, მაგრამ ჯერ ვერ აიხდინეთ ეს ოცნება…

— ახალი ზელანდია ჩემი ოცნებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ავიხდინე.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რის მონახულებას აპირებთ?

— ერთ კვირაში მივდივარ კანარის კუნძულებზე, კერძოდ, კუნძულ ლანცაროტეზე ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად.

 

ყველა ახალი ამბავი
0