თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯის, ილია ტუღუშის ოჯახისა და გამოძიების ვერსიები (რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს მალთაყვის ტყეში) მისი მკვლელობის თაობაზე ერთმანეთს არ ემთხვევა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ხოლო ტუღუშის ოჯახი და ახლობლები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა კაცი ჩაწყობილი თამაშების მსხვერპლი გახდა, ანუ ფულის გამო მოკლეს.
მათი თქმით, ამაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც არიან ჩარეულები, რომლებიც მსაჯს სიკვდილის წინა დღეს შინ ეწვივნენ. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, საქმის გასარჩევად მისულები მასაც დაემუქრნენ.
„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა… დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა — ბახტაძე ირაკლი. ბათუმლები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძე არის, ლანჩხუთელი,“ — განუცხადა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“.
მისივე თქმით, საუბარი შეეხებოდა 5000 ლარს, რომელიც სავარაუდოდ უკან უნდა დაებრუნებინა ილო ტუღუშს.
ბოლოს ტუღუშმა ლანჩხუთის „გურიისა“ და „თელავის“ შეხვედრისას იმსაჯა. „გურიამ“ ბოლო წუთზე მის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიდან გამომდინარე, პირველი ლიგიდან გავარდა. ოჯახი ამბობს, რომ დაძაბული გარჩევა მსაჯსა და მის „სტუმრებს“ შორის სწორედ ამ წაგებას მოჰყვა.