თბილისში სისხლიანი გარჩევის დეტალების დამალვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე სამი ადამიანი დააპატიმრეს, ერთი გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, კიდევ ერთი დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადასცეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევის საქმეზე და დანაშაულის დამალვაში ხუთი ბრალდებულიდან სამს პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი პირველ დეკემბერს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. ასევე გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თ.კ.-ს, გ.შ.-ს, ზ.წ.-ს მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
მოსწავლეთა შორის სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულებს კიდევ ორი დაემატა

რაც შეეხება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ დანარჩენ პირებს, ერთი 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო მეორე დედის მეთვალყურეობის ქვეშ გადასცეს.

საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 9 იანვარს დაინიშნა.

საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის დაფარვა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა", რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0