თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა 99 კანონპროექტის პაკეტი, რომლებიც სამინისტრეობის შემცირებას გულისხმობს.
ძირითადი ცვლილებები შედის კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. პარლამენტში წარმოდგენილი 150 დეპუტატიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 2 დეპუტატი.
საპარლამენტო მდივან შალვა თადუმაძის თქმით, ამჟამად საუბარია მხოლოდ საკითხის ტექნიკური მხარეზე, და არა ხარჯების შემცირებაზე.
„კანონპროექტის მიზანს ეფექტური მცირე მთავრობის შექმნა წარმოადგენს, ხოლო რამდენს დავზოგავთ, ეს სამ თვეში გახდება ცნობილი… სამი თვის ვადაში აღნიშნულმა უწყებებმა უნდა მოახდინონ შერწყმის, რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი, რომელმაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე ეტაპობრივ გავლენას მოახდენს“, — განაცხადა თადუმაძემ.
ცვლილებების თანახმად, ნაცვლად 16 სამინისტროსი და ორი სახელმწიფო მინისტრისა, საქართველოში იქნება 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი.
ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შევა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ნაწილობრივ გადაეცემა გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით.
გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენი ფუნქციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები ახალ უწყებას – გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს გადაეცემა.
ახალი სამინისტროს ფუნქციებში იქნება დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვა და ბუნების ძეგლების შექმნა და დაცვა.
„მთავრობას აქვს გარემოს დაცვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ამ პოლიტიკის გადახედვას და შესუსტებას. მთავრობა აფიქსირებს როგორც პოლიტიკურ ნებას გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე აფიქსირებს მზაობას, ფინანსურად სრულად უზრუნველყოს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელება“, — განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფერო მთავრობისთვის პრიორიტეტული დარჩება.
გარდა ამისა, გაიყოფა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები. ახალგაზრდობის საქმეებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაკავდება. მის დაქვემდებარებაშივე გადავა კომპანიები, რომლებიც ამ დროისთვის სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობენ.
რაც შეეხება სპორტის მიმართულებასა და მთლიანად სტრუქტურას, იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფუნქციებში გადავა, ცვლილების თანახმად, სამინისტროს სახელწოდებაც იცვლება – კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
გარდა ამისა, საქართველოში უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამისთვის განსაკუთრებული ცვლილებები საჭირო არ არის, განაცხადა ადრე პრემიერ–მინისტრმა. ამ უწყების ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი სამი მოსმენით დაამტკიცებს კანონპროექტების პაკეტს და მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს, პარლამენტმა განახლებულ მთავრობასა და მის პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.