თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 60 მლნ ლარით გაიზრდება, კვირის ბოლოს საკრებულოში დასამტკიცებლად შევა, განაცხადა თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ.
ქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ მისი თხოვნა გაითვალისწინეს.
„2018 წელს დაგეგმილი პროექტების ბიუჯეტი მთლიანობაში 60 მლნ ლარით გაიზრდება… 14 მლნ ლარი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება", — განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი სიტყვებით, მეტროში გადაადგილება კომფორტული უნდა გახდეს. გარდა ამისა, უნდა შემცირდეს ლოდინის დრო.
დანარჩენი 46 მილიონი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება. კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
რაც შეეხება ბიუჯეტის განაწილებას, განახლებული პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯები 55 მლნ ლარით იზრდება და 337 მლნ ლარს შეადგენს.
2017 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქალაქის გამწვანების ხარჯები — 2,9 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ 2018 წლის მთავარ პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. იგეგმება 32 პროგრამის განხორციელება, მათ შორის აღნიშნულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი 2017 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.