თბილისში მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისის მერიასთან
მშენებლობა თბილისის მერიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის თბილისში 50-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს დააჯარიმებენ.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაკონტროლება დაავალა ამ სფეროში არსებულ საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით.

საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მშენებლობებზე, და ხშირია ხოლმე, რომ ვისმენთ ინფორმაციას კონკრეტული ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გვაქვს ასეთი ფაქტები, ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ეს ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი", — განაცხადა კალაძემ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„წითელი ბარათი" უკანონო მიშენებებს: თბილისის მერია დემონტაჟს იწყებს

მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ასზე მეტ სამშენებლო ობიექტს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხოლო 50-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა.

დეველოპერები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების წესების დაცვას, სათანადოდ აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ზედამხედველობის სამსახური კი, თავის მხრივ, ასეთი მშენებლობების შეჩერების უფლებას მიიღებს.

„ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ის საკითხები, რაზეც თბილისის მერია იქნება პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი", — აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას არქიტექტურის სამსახურმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს პროექტების შესაბამისობა უსაფრთხოების წესებთან, ასევე ყურადღება უნდა დაუთმოს პროექტის ფასადურ მხარეს, კერძოდ, შენობების გარე კედლებისა და სახურავების ერთიანი სტანდარტების შესატყვისობას.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
მორიგი საკადრო წმენდა თბილისის მერიაში: ე.წ. ზონალური საბჭო უქმდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააუქმა ე.წ. ზონალური საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ქალაქში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მერმა განაცხადა, რომ ამ საბჭოს ფუნქციები მერიის სამსახურებზე გადანაწილდება და ამას თავად გააკონტროლებს მკაცრად.

წელს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელშიც 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა.

პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის რეგულაციების გამკაცრება და მნიშვნელოვანი სამშენებლო ნორმების მიღება.

საქართველოს შსს-სა და გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა მიიღო სხეულის დაზიანებები.

ყველა ახალი ამბავი
0