თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველო აღმოჩნდა 55-ე ადგილზე ურუვაისა და მალაიზიას შორის მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში-2017, რომელიც ბონში კონვერსიის საერთაშორისო ცენტრმა (ВІСС) შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით საქართველო შვიდი პოზიციით დაქვეითდა.
კვლევა, რომელიც 151 ქვეყანას მოიცავს, სამი კრიტერიუმის მიხედვით არის შედგენილი: ქვეყნის სამხედრო ხარჯებსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის თანაფარდობა, მძიმე შეიარაღების წილი ერთ სულ მოსახლეზე, ასევე ამ სფეროში დაკავებული მოსახლეობის წილი.
რეიტინგის ტოპ-ათეულში შევიდნენ საქართველოს უახლოესი მეზობლები: სომხეთმა დაიკავა მესამე ადგილი და რუსეთს ერთი პოზიციით გაუსწრო. გარდა ამისა, აზერბაიჯანი მე-11 პოზიციაზეა, ხოლო თურქეთი — 25-ზე.
ყველაზე მილიტარიზებულ ქვეყნად ექსპერტებმა ისრაელი აღიარეს, შემდეგ მოდის სინგაპური. ათეულში ასევე ფიგურირებს სამხრეთ კორეა, ქუვეითი, იორდანია, კვიპროსი, საბერძნეთი და ბრუნეი.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბელარუსი მე-12 ადგილს იკავებს, უკრაინა მე-16, ესტონეთი — 26-ს. ლიტვა 36-ე პოზიციას იკავებს, ყირგიზეთი — 57-ეს, მოლდოვა — 83-ეს, ყაზახეთი — 84-ეს, ხოლო ლატვია — 78-ეს.
ყველაზე ნაკლებად მილიტარიზებული ქვეყნებია გამბია, ლიბერია და პაპუა-ახალი გვინეა.
მილიტარიზაციის ყოველწლიური გლობალური ინდექსის შედგენა 1990 წელს დაიწყო.