ახალი წელი ახლოვდება, შესაბამისად, სანდროც შეუდგა სამზადისს და საახალწლო დეკორაციების შექმნა დაიწყო, რომლის რეალიზებაში დედა და მისი მეგობრები ეხმარებიან. ამბობს, რომ შემოსული თანხით რისი ყიდვაც სურდა, ყველაფერი აჩუქეს. პატარა ხელოვანმა საახალწლოდ თოვლის ბაბუას წერილი გაჭირვებული და ობოლი ბავშვებისთვის მისწერა. სურს ისეთი ბავშვების ოჯახში მივიდეს თოვლის ბაბუა და მიიტანოს ბევრი საჩუქარი, ვისაც ძალიან უნდა, ვისაც მამა, ან დედა არ ჰყავს.
– სანდრო, უკვე პოპულარული ბიჭი ხარ. ელოდი, რომ შენი ხელნაკეთი ნივთები ასეთ პოპულარობას მოგიტანდა?
— გამარჯობა. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩემი ნამუშევრებით. თავიდან არ ველოდი. ძალიან ბევრი ბავშვია, ვინც მსგავს რაღაცებს აკეთებს. ზოგი უკვე დიდი გამომგონებელია, მაგრამ ჩემმა ნამუშევრებმა, მგონი, რეკორდი მოხსნა. უკვე საზღვარგარეთაც ყიდულობენ. რეკავენ, „ფეისბუქზე“ გვწერენ. ძალიან თბილ სიტყვებს მეუბნებიან. თავიდან მეგონა, რომ ამას იმიტომ მეუბნებოდნენ, რომ პატარა ვარ, მაგრამ ახლა სამომავლოდაც მიკვეთავენ საჩუქრებს. ასეთ მოწონებას ნამდვილად არ ველოდი.
– როდის და რატომ გაგიჩნდა მათი შექმნის იდეა, ძირითადად რა ნივთებს ქმნი?
— სულ თავიდან, მესამე კლასში მასწავლებელმა დაგვავალა სააღდგომოდ ერთი ცალი კვერცხი ჩვენი ხელით მოგვეხატა. სახლში რომ მოვხატე, დედას მოეწონა და მითხრა, ყოჩაღ სანდრო, ძალიან ლამაზია, ხომ არ გინდა კიდევ მოხატო და გაყიდოო (დედა ახლა ამბობს, რომ მაშინ ეს ხუმრობით მკითხა, ფიქრობდა, რომ მისი მეგობრები იყიდდნენ რამდენიმე ცალს და ამით წამახალისებდა. მასაც არ სჯეროდა, ასეთი პოპულარული თუ გავხვდებოდი).
რაც შეეხება იდეას, პატარა რომ ვიყავი, დედამ ტელეფონი მიყიდა. სახლში როცა არ იყო, მირეკავდა და მეკითხებოდა რა ვჭამე, რამე ხომ არ მჭირდება (დედა გვიან ღამემდე მუშაობს), და ერთ დღეს გამიფუჭდა. მერე მეორე მიყიდა და ის წყალში ჩამივარდა. მერე დედასი ძალიან მომერიდა, ვეღარ ვთხოვდი კიდევ ეყიდა, ამიტომ გადავწყვიტე ამ ჩემი გაყიდული საჩუქრებით ტელეფონი თავად მეყიდა. მაშინ აღდგომა იყო და ორიგინალური საჩუქრები გავაკეთე. კანაფის დაშლილი თოკიდან ბუდეებს ვაკეთებდი. მერე საქსოვ მწვანე ძაფს ვჩეჩავდი, ბუდეში ვალაგებდი. მოხატულ ფერად კვერცხებს ვალაგებდი და ყვავილებით ვაფორმებიდი. სხვა არაფერი გამიკეთებია მაშინ. მერე ეს ამბავი დედას სამსახურში, „პალიტრის“ დირექტორს უთხრეს და ნინო ფეიქრიშვილის იდეით ძალიან მაგარი ტელეფონი მაჩუქეს. დედაზე კარგი ტელეფონი მე მქონდა.
– ყველაზე მეტად რისი გაკეთება გიყვარს და გსიამოვნებს?
— ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. მინდა ისეთი სახლი მქონდეს, რომ ხშირად მოვიყვანო ჩემი მეგობრები, ვითამაშოთ და გავერთოთ. კარატეზე სიარული მიყვარს, ისტორია მიყვარს ძალიან, ძალიან მაინტერესებს საქართველოს წარსული. სკოლის გარდა ვიკიპედიაშიც ვკითხულობ ბევრ რამეს საქართველოს შესახებ.
– შეგიძლია ერთი ნივთის გაკეთება ჩვენც გვასწავლო?
— უბრლოდ აგიხსნით, დეტალებს ვერ გასწავლით…
ქეჩას ვყიდულობ, ფერად ძაფებს, ლამაზ, ბრჭყვიალა ფიგურებს, მერე სახლში მომაქვს. მაქვს ნიმუშად მუყაოს თარგი, იმას ვადებ თექაზე, ვხაზავ, ვჭრი და ვიწყებ კერვას. კერვას რომ მოვრჩები მერე ვაფორმებ და ბოლოს ცხელი სილიკონის წებოთი თავსამაგრებს და საკიდ ლენტს ვაწებებ. ზოგს ანგელოზს ვამაგრებ, ზოგზე ფიფქებს, ზოგზე ღილებს ვაკერებ.
– ხატვა როდის დაიწყე?
— პროფესიონალი არ ვარ, უბრალოდ იმას ვხატავ, რაც მომწონს. ალბათ ორი წლის წინ, როცა აქტიურად დავიწყე კვერცხების მოხატვა.
– საყვარელი მხატვარი თუ გყავს?
— პიკასო. უცნაური, არეული ნახატებია და მომწონს. მის ნახატებზე დაფიქრება შეიძლება. ბოლოს დედას ვყავდი „ცისფერ გალერეაში“ და კარავაჯო მომეწონა ძალიან.
– ახალი წლისთვის უკვე ემზადები? რა ნივთებს ქმნი საახალწლოდ?
— ახლი წლისთვის სამზადისი უკვე გამიზნულად დავიწყე. დედას ვთხოვე ჩემთვის საჭირო მასალა ეყიდა. უკვე ვიცი, რაც მინდა და რასაც ვაკეთებ. საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებს ვაკეთებ. ეს არის ქეჩის ხელთათმანი და ვაფორმებ სხვადასხვა აქსესუარებით, ლენტებით, ყვავილებით, ანგელოზებით, ფიფქებით.
– ალბათ შენი ხელნაკეთი სათამაშოებითაც გააფორმებ ნაძვის ხეს, როგორი ნაძვის ხე გინდა რომ გქონდეს წელს?
— კი, უკვე ვაჩუქე სოფელში ბებიას ჩემი გაკეთებული სათამაშოები. თბილისში, სადაც ვცხოვრობთ, დედა ნაძვის ხეს არ დგამს. არ მიკითხავს რატომ, რადგან არასდროს დაუდგამს და ალბათ ამის მიზეზი აქვს…
– რატომ გადაწყვიტე შენი ხელნაკეთი ნივთები გაგეყიდა?
— მინდა დამოუკიდებელი ვიყო. მინდა დედა ზედმეტად არ შევაწუხო. მე ხომ ერთადერთი კაცი ვარ ოჯახში და მეც უნდა ვიზრუნო. ამაში ცუდი რა არის?
– ფულს რომ შეაგროვებ, რის ყიდვა გინდა?
— მინდოდა ველოსიპედის ყიდვა, რაგბის ბურთის და სხვა ნივთების, რითიც გავერთობოდი. მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად დავფიქრდები, რადგან რაც მინდოდა, ყველაფერი მაჩუქეს. ველოსიპედი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სახელით მაჩუქეს. კიდევ ორი ქალბატონი იყო მოსული და რაგბის ბურთი მომიტანა, გორგოლაჭებიც. ხალხი მირეკავს და მეკითხება რა მინდა, მერე საჩუქრად მოაქვთ. გაოცებული და ძალიან გახარებული ვარ.
– წარმოიდგინე, რომ თოვლის ბაბუას წერილს სწერ. რას მისწერდი, რას ისურვებდი?
— ო, ეს ცოტა რთულია. დღემდე რომ გეკითხათ, გეტყოდით რაც მინდოდა, თუმცა უკვე მაქვს. მაგრამ ვისურვებდი, ისეთი ბავშვების ოჯახში მივიდეს და მიიტანოს ბევრი საჩუქარი, ვისაც ძალიან უნდა. ვისაც მამა არ ჰყავს, ან დედა.
– ხელნაკეთი ნივთების გარდა რა გაინტერესებს, რა არის შენი ჰობი?
— კარატეზე დავდივარ. ცხოველები მიყვარს, მინდა უპატრონო ძაღლები არ იყოს. კომპიუტერში ფიგურებისგან ნახატების შექმნა მიყვარს. ამით ვსწავლობ კიდეც და ვერთობი. დიდი რომ გავიზრდები, მინდა ბიძიას ვგავდე და სტომატოლოგი გამოვიდე.
– როგორი მოსწავლე ხარ? ყველაზე მეტად რა საგანი გიყვარს და გაინტერესებს?
— სკოლაში კარგად ვსაწვლობ. ისტორია მიყვარს, მათემატიკა, ახლა ინგლისურშიც ვემზადები დამატებით.
– შენ მეგობრებს მოსწონთ შენი ხელნაკეთი ნივთები?
— დიახ, ჩემ მეგობრებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. მეუბნებიან, ყოჩაღ, სანდრო, მაგარიაო!
– სამომავლოდ რა გეგმები და ოცნებები გაქვს?
— ხელნაკეთი ნივთების შექმნას გავაგრძელებ. ამ საქმეს სერიოზულად გავყვები. სტომატოლოგი მინდა გამოვიდე და ბევრი ფული რომ მექნება, ისეთ ბაშვებს დავეხმარო, ვისაც ეს ძალიან სჭირდება…