თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. მოსწავლეებს შორის კონფლიქტების არიდების მიზნით საქართველოს სკოლებში სპეციალური პროგრამები დაინერგება და ფსიქოლოგების შტატი გაიზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
სკოლებში ახალი პროგრამების შემუშავების აუცილებლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გაჩნდა. სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი მათი თანატოლი დააკავეს.
სპეციალური პროგრამების შემუშავება განათლების სამინისტროსა და შს სამინისტროს ახალი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს. ჯგუფი შეიქმნა სასწავლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციის მიზნით.
სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს კონსულტაციებს სრულწლოვანთათვის, ასევე 24-საათიან რეჟიმში ფსიქოლოგიური დახმარების „ცხელი ხაზი“ იმუშავებს.
„ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლა რომ მოვიცვათ, პროცესში, პროფესიონალებთან ერთად, ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები“, — განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, პროცესში მშობლებიც ჩაერთვებიან. მინისტრი მიიჩნევს, რომ ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, სადაც ძალადობა და აგრესია მიუღებელი იქნება.
მინისტრის თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია სწავლის დონის ამაღლებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვითა და სპეციალისტების, სკოლის, მანდატურების კომპლექსური მუშაობის შედეგად.
ჩხენკელი შეხვდა ფსიქოლოგებს, რომლებმაც მას მოსწავლეთა შორის ძალადობის პრევენციის კუთხით საკუთარი ხედვა გააცნეს.