„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის მშენებლობაზე მსოფლიო ბანკმა კრედიტი გამოყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliცენტრალური ავტოტრასა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“
ცენტრალური ავტოტრასა „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოყოფილი სახსრებით რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე იგეგმება 21 ხიდისა და ორი გვირაბის აშენება და ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაფართოება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში შედის, საქართველოს „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ მაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის დამატებით 16,9 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასა, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 აზერბაიჯანთან საზღვარზე იწყება და ფოთთან ახლოს მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

გზა - Sputnik საქართველო
საქართველოში ფასიანი საავტომობილო გზები გაჩნდება

დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

პროექტის ფარგლებში ჩუმათელეთი-ხევის ტრასის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის არსებული ორზოლიანი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდება. მონაკვეთზე იგეგმება 21 ხიდის, ორი გვირაბისა და რიკოთის გვირაბის კიდევ ერთი ზოლის აგება.

ავტობანი „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის სააგენტოსა (JICA) და ჩინეთის განვითარების ბანკის (CDB) მხარდაჭერით. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

„აღმოსავლეთი-დასავლეთის“ ჩქაროსნული მაგისტრალით საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაიზიდება. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ — თურქეთთან და ევროპასთან.

ყველა ახალი ამბავი
0