თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. NASA-ს ასტრონავტმა ჰაიდი ფაიფერმა აშშ-ის საელჩოს ჯილდო „ქალური ლიდერობისა და მამაცობისთვის" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ჯერჯერობით ერთადერთ ქალ-პილოტს 25 წლის ნადეჟდა ბენკლიანს გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულია თავად ბენკლიანი. ამასთან, ნასას ასტრონავტი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ჰაიდი ფაიფერი 1993 წლიდან არის აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი. ის კოსმოსში პირველად 2006 წელს გაფრინდა.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია, მით უმეტეს, რომ ეს ჯილდო ასეთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებამ გადმომცა. ამით აღფრთოვანებული ვარ. ეს ისეთი წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც ამ დონის ადამიანი შენით აღტაცებულია. აღმოჩნდა, რომ მას პილოტი უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ შეძლო მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე", — განაცხადა ბეკლიანმა „Sputnik–საქართველოსთან".
ბეკლიანმა რამდენიმე თვის წინ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ში დაიწყო მუშაობა.