ქალი, რომელიც ჰოლანდიის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი თანამშრომელია

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში მცხოვრებ პროფესიით მათემატიკოსსა და რეჟისორს, დალი უბილავა დე გრააფს გაგაცნობთ

ვფიქრობთ, ის ერთადერთი ქართველი ქალბატონია, რომელიც კოსმოსის შესახებ უახლეს ინფორმაციას ფლობს. უფრო მეტიც, ამჟამად  ქალბატონი დალი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEK) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთი ქალი თანამშრომელია მათ შორის ვისაც თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების, ანუ ყველაზე რთული ნაწილის კურსი მიჰყავს. ეს ორგანიზაცია 22 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ქალბატონ დალის ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დელეგაციებისთვის ჰოლანდიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ლექციების მომზადება და ჩატარება ევალება. თავის დროზე კი მისი სადიპლომო ფილმი „ჩვენ, დევნილები: უკომენტაროდ…“ სტუდენტური ფესტივალიდან ადამიანური უფლებების დაცვის თემაზე შექმნილ ფილმების ფესტივალზე „სტალკერი“, მაშინდელი ხელმძღვანელის, მარლენ ხუციევის მიწვევით აღმოჩნდა. ქალბატონ დალის ჰოლანდიაში დავუკავშირდით.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
დალი უბილავა

- ქალბატონო დალი, თავიდანვე გკითხავთ ქართველი ქალბატონი კოსმოსში როგორ „გახვედით“?

— სანამ იმას გეტყვით, თუ როგორ აღმოვჩნდი ამ სფეროში, საუბარს დავიწყებ იმით, რომ კოსმოსი ძალიან ფართო ცნებაა- ესაა უსაზღვრო, ანუ როგორც მეცნიერები ასახელებენ, კვინტილიონი ვარსკვლავის სივრცე და ამ კვინტილიონიდან 200 მილიარდიანი ვარსკვლავეთის ოჯახის ერთ-ერთი ვარსკვლავი ჩვენი მზეა! “ესას“ აქვს რვა წარმომადგენლობა ევროპაში, რომლის სათაო ოფისი პარიზშია. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა, ანუ მისი ტექნიკური გული ჰოლანდიაში მდებარეობს. აქ ხდება კოსმოსური პროგრამების ინიცირება, განვითარება, მომზადება, კოსმოსური სატელიტების ანუ თანამგზავრების შექმნა, გამოცდა და მრავალფუნქციური რაკეტების კოსმოსში გაშვება. “ესა“ ევროპის 22 წევრ ქვეყანას აერთიანებს და ღირსეული პარტნიორია ისეთი კოლეგა ორგანიზაციებისა, როგორიცაა: ამერიკული “ნასა“, რუსული “როსკოსმოსი“, იაპონური “იაქსა“ დ.ა.შ. შესაბამისად, იგი სერიოზული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია მსოფლიოში.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
დალი უბილავა

- უშუალოდ თქვენ რა გევალებათ?

— მე დანარჩენ კოლეგებთან ერთად მევალება ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობებისთვის თუ მათი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საინტერესო საკითხებზე ლექციების მომზადება და ჩატარება. ეს მევალება ჰოლანდიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ამ ორგანიზაციას ძალიან დიდი სპექტრი აქვს და ჩვენი ფუნქციაა, რომ კონკრეტული დამკვეთისთვის, ანუ პუბლიკისთვის საინტერესო საკითხებზე მოვამზადო ლექცია. მერე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს მენეჯმენტის განყოფილებას და წინასწარ უკვე ვიცი, რომ მაგალითად შვედებთან ამ დღეს კონკრეტულად ამ საკითხზე უნდა ჩავატარო ლექცია.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
დალი უბილავა

-ქალბატონო დალი, კოსმოსთან დაკავშირებული თემებიდან რომელია ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, მოთხოვნადი თემა?

— ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიები და პროექტები აინტერესებთ, სანამ ამ სფეროში კარგად არ ჩავიხედე (ჩემი ტექნიკური “ბექგრაუნდის“ მიუხედავად) უამრავი რამ დეტალებში თავადაც არ ვიცოდი… ამას გარდა აინტერესებთ კოსმოსის ათვისებაში რა ცვლილებებია მოსალოდნელი უახლოეს 10-15 წელიწადში. ყველაზე ხშირად რა თემასაც გვიკვეთავენ, ესაა-მთვარის და მარსის ათვისებასთან დაკავშირებული პროგრამები და ტექნოლოგიები. თითქმის 45 წელია, რაც მთვარეზე პილოტირებული მისიები არ განხორციელებულა… ასევე ძალიან აქტუალურია და საინტერესო მთვარისა და მარსის პროგრამები, კოსმოსური ნაგვის დასუფთავების პროგრამები, “ნასას“, “სპეის იქსის“ თუ “ესას“ მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდების პროექტები, თანამედროვე და მომავლის კოსმოსური ხომალდების თუ თანამგზავრების ძრავები და სიჩქარეები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობის შემდეგი, მისი მთვარის ორბიტაზე განთავსების ეტაპი- ესაა მცირე ნაწილი იმ თემებისა, რაზეც ახლა აქცენტებია გაკეთებული.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
დალი უბილავა

- რატომ გაქრა მთვარის მიმართ ინტერესი?

— მთვარის თემა 1973 წლის მერე ვიდრე დღემდე აქტუალური აღარ იყო. როგორც იცით, ამ  წელს „აპოლო 17“ მისიის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტები ბოლოჯერ ესტუმრნენ მთვარეს, ზოგადად 1969– 1973 წწ. ექვსი „აპოლო“ მისიის ფარგლებში 12 ამერიკელი ასტრონავტი სტუმრობდა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს. მათ მაშინდელ კონკურენტს, ყოფილ საბჭოთა კავშირსაც აქვს კონკრეტული მიღწევები მთვარის ათვისების პროგრამებში, მაგრამ მხოლოდ არაპილოტირებული ექსპედიციების ფარგლებში. მას მერე მთვარე უკვე ისეთი აქტუალური აღარ იყო, როგორც მანამდე. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ მაშინ ასეთი პროექტები ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყო გამიზნული და თანაც ძალიან დიდი ფინანსები ჯდებოდა. მაშინ საკითხი სხვანაირად იდგა- ვინ უფრო ძლიერი იყო- მაშინდელი საბჭოთა კავშირი თუ ამერიკა? მაგრამ დღეს საკითხი ასე არ დგას, კოსმოსი არ არის კონკურენციის სფერო, რადგან წარმოუდგენელია ძვირადღირებული, ზოგჯერ ათეულობით მილიარდიანი ბიუჯეტის პროგრამების განხორცილება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, მთელი მსოფლიო თანამშრომლობს ამ საკითხში, მთელ მსოფლიოში ვგულისხმობ ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნია საკუთარი კოსმოსური სააგენტოები და ორგანიზაციები. გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც საკუთარი ძალებითაა ამაში დაკავებული, თუმცა ჩვენ ჩინელებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, დღეს მთვარის პროგრამების აღდგენით არა მხოლოდ ამერიკა და რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ძალიან ინტენსიურად მუშაობენ.

- ჩვენ, ამ შემთხვევაში —ჰოლანდიელებს მოიაზრებთ?

— დიახ, რადგან ამ შემთხვევაში მე ჰოლანდიის მოქალაქე ვარ. იმასაც გეტყვით, რომ ჰოლანდიის წარმომადგენლობაში დაახლოებით 2800 თანამშრომელია, რომლიდანაც ჰოლანდიელი დაახლოებით 300-ია. ამ რაოდენობას განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნების კონტრიბუცია “ესას“ საერთო ბიუჯეტში. კომერციული ნიჭით დაჯილდოებული ჰოლანდიელები იმითაც გამოირჩევიან, რომ მთელი ბიუჯეტის დაახლოებით 35 % სწორედ ჰოლანდიაში, ანუ “ესას“ ჰოლანდიურ წარმომადგენლობაში რჩება. 2011 წლის შემდეგ ამერიკელებმა “ნასას“ “სფეის შათლით“ პილოტირებული ეკიპაჟების კოსმოსში გაშვება შეწყვიტეს.

- კოსმოსი ყოველთვის იყო მსოფლიოში სერიოზული კონკურენციის თემა..

— შეგახსენებთ, რომ იქიდან მოყოლებული დღემდე კოსმოსში კოსმონავტების გაგზავნა 60 წლის წინ სერგეი კოროლიოვის მიერ დაპროექტებული “სოიუზ-კაპსულის“ მეშვეობით ხორციელდება რუსეთიდან, უფრო სწორად, კოსმოდრომი ბაიკანურიდან (ყაზახეთი), რომელსაც რუსეთი ყაზახეთისგან ქირაობს. დღეს “ნასას“, “ესას“ თუ სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტები/კოსმონავტები (რუსები ეძახიან კოსმონავტებს, ამერიკელები და ევროპელები — ასტრონავტებს. ისე რუსული კოსმონავტები უფრო ზუსტია.) კოსმოსურ სადგურისკენ და უკან, დედამიწისკენ რუსული “სოიუზით“ გადაადგილდებიან. 3,5 მ3 სივრცის 3-ადგილიან „სოიუზ-კაპსულაში“ თითო ადგილის დაჯავშნა დაახლოებით 100 მილიონამდე დოლარი ღირს არარუსი ასტრონავტებისთვის და რათქმაუნდა “ნასაც“ და “ესაც“ ამ და სხვა საფასურს იხდიან. თუნდაც ამიტომაა რუსეთი ანგარიშგასაწევი პარტნიორი ყველასთვის. ჩემი სამსახურში აყვანა სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად რუსულ ენის თავისუფლად ფლობამაც განაპირობა. ეს იყო ურთულესი სელექცია ნამდვილად ღირსეულ ჰოლანდიელ კანდიდატ-კონკურენტებს შორის.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა
დალი უბილავა - Sputnik საქართველო
დალი უბილავა

- ქალბატონო დალი, საქართველო რამდენადაა ინფორმირებული კოსმოსთან დაკავშირებული თემებით?

— დასანანია, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებული არ არის თანამედროვე კოსმოსის საკითხებსა და პროგრამებზე. არადა, ისეთი საინტერესო ამბები ხდება… აი, თუნდაც, ჩვენი ანუ “ესას“ ერთ-ერთი ბოლო პროექტი, დედამიწის შემსწავლელი თანამგზავრი “სანტინელ —5პ“, რომელიც ახლახან, 13 ოქტომბერს გავუშვით და რომელშიც მოთავსებულია 15 წლის განმავლობაში 100-მდე ჰოლანდიელი მეცნიერის ნაღვაწი, “უჭკვიანესი“ აპარატი ტროპომი. ეს თანამგზავრი 830 კმ სიმაღლიდან დღეში 20 მილიონჯერ შემოუვლის დედამიწას და სწორედ ტროპომის მეშვეობით აწარმოებს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს ქალაქების უბნების დონეზეც კი.  მაგალითად, შეუძლია გაზომოს ჰაერის დაბინძურება და მისი შემცველობა თბილისის რომელიმე უბნის, ვთქვათ დიღმის მასივში…

- სიცოცხლისთვის ოპტიმალური პირობები გალაქტიკაში- ამ მხრივ თუ არის რაიმე სიახლე?

— სპიტცერის ტელესკოპის 2017 წლის თებერვლის მონაცემების მიხედვით ცნობილია, რომ ვარსკვლავ ტრაპისტის 3 ეგზო-პლანეტაზე, რომლებიც ჩვენგან დაახლოებით 30 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, არის სიცოცხლისთვის ოპტიმალური პირობები. უახლოეს 5 წელიწადში მეცნიერები უახლესი ტელესკოპის “ჯეიმს ვების“ მეშვეობით ამ პლანეტების დეტალურ კვლევას ჩაატარებენ. მათ შორის შეისწავლიან ამ პლანეტების ატმოსფეროს. ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

- ქალბატონო დალი, კოსმოსიდან მიწიერ თემებს დავუბრუნდეთ, თქვენ მარტო კოსმოსში კი არა, დედამიწაზეც ეძებთ ვარსკვლავებს, ნიჭიერი ადამიანების სახით და მათ პროდიუსინგს უწევთ…

— დიახ, ეს ჩემი საქმიანობის სულ სხვა მიმართულებაა, რასაც ჩემს მიერ დაარსებული ჰოლანდიური ფონდის “არტ-ექოს“(2010) და ქართული ფონდის “ევროარტის“ (2016) საქმიანობის ფარგლებში ვეწევი. ცნობილი ადამიანების პოპულარიზაციის პარალელურად ახალბედა, ნიჭიერი უცნობი სახელების აღმოჩენით ვარ დაინტერსებული. სულ ახლახან თბილისში გავმართეთ ახალბედა ნიჭიერი მხატვრის, მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

- პროფესიით მათემატიკოსი ხართ და შემდეგ რატომღაც თეატრალურზე აღმოჩნდით…

— ჩემი პირველი პროფესია, რომელსაც თინეიჯერობის სიყვარულს ვეძახი —მათემატიკოსობაა. სოხუმში, თსუ ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. იმ ასაკში ასე ვგრძნობდი, რომ მათემატიკის მასწავლებლობა ცოტა მოსაწყენი პროფესიაა და გადავწყვიტე, საკუთარი ძალები თეატრალურ ინსტიტუტში მეცადა და ჩავაბარე კიდეც. თეატრალურის ბოლო კურსზე სწავლის დროს მოსკოვში, “ვგიკის“ ფესტივალზე მოვხვდი. იქ გავიგე, რომ არსებობს სუბსიდიების მოპოვების საშუალება, რომლითაც სწავლა შეგიძლია გააგრძელო სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. მოვსინჯე ძალები და 2001-2003 წლებში საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული ამერიკული და  ნორვეგიული სუბსიდიებით მქონდა ბედნიერება, სტაჟირება გამევლო “ვგიკში“, ჯერ მხატვრული ფილმების და შემდეგ, დოკუმენტური ფილმების რეჟისურის კათედრაზე… მოსკოვში შემთხვევით ჩემი მომავალი მეუღლე, პაულუს მარინუს კორნელის ფრედი დე გრააფი გავიცანი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და იქ საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული.

© Courtesy of Dali Ubilavaდალი უბილავა მეუღლესთან ერთად
დალი უბილავა მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
დალი უბილავა მეუღლესთან ერთად

- ქალბატონო დალი, მათემატიკოსი ხართ და გჯერათ შემთხვევითობის?

— მე არ მჯერა შემთხვევითობის… მჯერა, რომ ყველაფერი, რაც ხდება ცხოვრებაში, კონკრეტული კანონებით და თუნდაც მათემატიკური ფორმულებით შეიძლება აიხსნას, უბრალოდ ჩვენ ვართ უძლურები, რომ ყველა ნიუანსი და რუტინული დეტალი ცხოვრებაში მათემატიკურ ფორმულებს მოვარგოთ ან ყველა წვრილმანისთვის რაც ჩვენს გარშემო ხდება და მოხდება მათემატიკური მოდელირება ჩავატაროთ. მათემატიკაში ალბათობის თეორიაც არსებობს, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის შეიძლება “გამოვიყენოთ“ — მოკლედ ყველაფერი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია, შემთხვევით არაფერი ხდება და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩემი ცხოვრებაა…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0