თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთი ქალბატონი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომ ერთ-ერთ მოქალაქეზე 2,6 ათას აშშ დოლარად გაასაღა.
ყალბი დოკუმენტის დამზადება–გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.