თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოს" ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რომელმაც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სამართლებრივი სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო.
კითხვაზე „ემხრობით თუ არა საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას?", გამოკითხვაში მონაწილეთა 66,6%-ის პასუხი იყო "არ ვემხრობი, მარიხუანა სხვა ნარკოტიკებისგან არაფრით განსხვავდება
გამოკითხვის თანახმად, მკითხველთა 29,2% კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით. მათი აზრით, მარიხუანის მოხმარებისთვის პირისთვის პატიმრობის შეფარდება არ შეიძლება.
მკითხველთა შორის აღმოჩნდნენ ადამიანები (4,2%), რომელთათვისაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი სულერთია.
გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგება და მოქმედ ნარკოპოლიტიკას პატერნალიზმი უწოდა.
საქართველოში ამიერიდან "ბალახის" მოხმარებისთვის პირს პატიმრობა არ ემუქრება, თუმცა ეს არ ნიშნავს ლეგალიზაციას – მარიხუანის მოხმარება კვლავ უკანონობად ითვლება, მაგრამ ეს მოქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს „პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს". მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეული ზიანი მოაქვს, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ამ უფლების შეზღუდვა.
5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა – ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება როგორც ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის.