თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და დოკუმენტირების პროცესი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქუთაისითან ახლოს. 1106 წელს დააარსა დავით აღმაშენებელმა. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ფრესკების ციფრულ ფორმატში გატანის სამუშაოები იუნესკოს კომიტეტის 41-ე სესიაზე აღებული ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება. ამ პროცესის თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს გელათის კომპლექსის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონიტორინგისა და კონსერვაციის პროცესის სრულყოფის რეჟიმი.
„საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი ანაზომებისა და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შემდგომში ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება", — აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობენ კომპანია „ინჟინრული აზრის" თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები.
ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა, სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა.
პროექტის ავტორების განცხადებით, ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა.
„ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე. ამასთან, ციფრული ფიქსირება ხდება კოორდინატთა სისტემაში და სამგანზომილებიან სივრცეში ინტერიერის თუ ექსტერიერის სკანირებულ ყველა მონაკვეთს ზუსტ ადგილმდებარეობას ანიჭებს", — აღნიშნავენ სააგენტოში.
ასევე, სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია დამზადდეს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლი, რომელსაც ცნობილი მუზეუმები საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებენ. ამავდროულად ჩნდება ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია.
დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი. ფრესკების ციფრული მოდელებით ონლაინ-რეჟიმში ისარგებლებენ მეცნიერებიც.