თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა „გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა".
„კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან", — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს.
გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.
„მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასრულდა საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების (მცხეთის ისტორიული ძეგლების და ბაგრატი/გელათის) ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხის განახლებაზე, აღნიშნავენ სამინისტროში.
„ეს მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება ღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე", — აცხადებენ სამინისტროში.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა. სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში მოზაიკებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. იმ დროს მონასტერში გელათის აკადემია მდებარეობდა, რომლის წევრები ძველბერძნული ფილოსოფიას სწავლობდნენ.
მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.