თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. იტალიის ფინანსური გვარდიის თანამშრომლებმა მილანსა და ფლორენციაში მდებარე „გუჩის“ (Gucci) ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც 1,3 მლრდ ევროს გადასახადებისგან თავის არიდებას ეხებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
გამოძიების ვერსიით, კომპანია, რომელიც ფრანგულ ჰოლდინგ Kering-ს ეკუთვნის, საგადასახადო დოკუმენტაციას შვეიცარიის ქვეგანყოფილებაში ავსებდა, სადაც საგადასახადო რეჟიმი მოდების სახლისთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქმის ფიგურანტებს შორის არიან კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორის, მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მარკო ბიცარი.
როგორც იტალიური La Stampa წერს, ჩხრეკა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპიუტერული მონაცემებისა და დოკუმენტაციის დეტალური ანალიზის თანხლებით.
კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მზად არიან სრული ხელშეწყობა აღმოუჩინონ სამართალდამცველ ორგანოებს, ვინაიდან სჯერათ საკუთარი საგადასახადო ოპერაციების გამჭვირვალობისა და სისუფთავის.
2017 წლის მესამე კვარტალში, როგორც გამოცემა წერს, Gucci-ს მოგება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა. ბრენდის გაყიდვების საერთო მოცულობამ ივლისი-სექტემბრის პერიოდში 1 553 მლნ ევრო შეადგინა.