თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში პირველად დაიწყო ფრანშიზების საერთაშორისო გამოფენა BUYBRAND-ი, რომლის ფარგლებში მსხვილი ბრენდები თავიანთ ფრანშიზებს სთავაზობენ ინვესტორებს სომხეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.
ღონისძიება იმართება საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", სადაც წარმოდგენილია იტალიის, პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის 25 ბრენდი. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია EMTG, რომელიც ორიენტირებულია საგამოფენო და კონგრესების პროექტებზე.
„ამ პროექტის სრულ მასშტაბურ ვერსიას მოსკოვში უკვე 15 წელია ვატარებთ. BUYBRAND-ი მსოფლიოში ხუთეულში შედის. უცხოეთში გასვლა ჩვენი პირველი გამოცდილებაა, ვიმედოვნებ, რომ გამოგვივა… ჩვენი ვარაუდით, ქართული ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, ამიტომაც ღონისძიების ჩატარება აქ გადავწყვიტეთ“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ EMTG-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინა სოიაკმა.
ბრენდების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია უამრავი კომპანია, რომელიც ჰორეკას (HoReCa, Hotel, Restaurant, Cafe/Catering) მიმართულებით მოღვაწეობს. ეს საზოგადოებრივი კვების ინდუსტრიიისა და სასტუმრო ბიზნესის სეგმენტია.
„ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების უზარმაზარი ნაკადი შემოდის, შესაბამისად, განვითარდება ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ჰორეკას მთელი სეგმენტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება“, — აღნიშნა სოიაკმა.
BUYBRAND-ის შედეგებზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ შეიძლება საუბარი, რადგან ფრანშიზის შემოსვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივია, აღნიშნა მან.
„ფრანჩაიზინგის მასშტაბური შემოსვლა ქვეყნისთვისა და მეწარმეებისათვის ძალიან მომგებიანია, რადგან ისინი „ბიზნესის კეთების“ ერთგვარ მენიუს იღებენ, იღებენ ყველა ტექნოლოგიას, ბიზნესის წარმართვის ყველა სტანდარტს, ცნობილ ბრენდს და შესაბამისად, როდესაც ისინი ხსნიან რაიმე წერტილს, მომხმარებელი უკვე ხვდება, სერვისის როგორ ხარისხს მიიღებს და იქ სიამოვნებით მიდის“, — განაცხადა სოიაკმა.
ქართველი ინვესტორებისათვის ფრანშიზის შეთავაზებით დაინტერესებულია არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის საბავშვო ტანსაცმლის პოლონური ბრენდი „5. 10. 15“.
„მარკა „5. 10. 15“ პოლონურ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს, ამჟამად გვაქვს 230 მაღაზია — საკუთარი და ფრანჩაიზინგული. ვეძებთ უცხოელ პარტნიორებს. მაღაზიები გვაქვს ბელარუსში, უკრაინაში, ჩეხეთში, რუსეთსა და მონღოლეთში. ახლა კლიენტებს საქართველოში ვეძებთ, დაწყებული გვაქვს მუშაობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, —განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანია „5. 10. 15“-ის ექსპორტ-მენეჯერმა ეველინა პაველეცმა.
საქართველოში, შესაძლოა, გაიხსნას რუსული ყავახანა „შოკოლადნიცა“, რომლის ქსელი ფუნქციონირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და მონღოლეთში. კომპანიის ფრანჩაიზინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ ტრუბნიკოვმა „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, რომ ფრანშიზისთვი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად განიხილავს.
„რუსეთიდან ტურისტების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება. არის წინადადებები ქართველი ინვესტორებისგან, ერთმანეთს ვეცნობით. ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებას ვაპირებთ. მისი თვითღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთში, ამიტომ საქართველოში საწარმოს რენტაბელობა უფრო მაღალი იქნება“, — განაცხადა ტრუბნიკოვმა.
ორგანიზატორთა თქმით, რეგიონში უკვე მუშაობს 100-ზე მეტი ფრანჩაიზინგული ბრენდი, ხოლო ქვეყნების განვითარებისა და ტურისტული ნაკადის ყოველწლიური ზრდის პერსპექტივების გათვალისწინებით, შეიძლება იმის პროგნოზი, რომ 5 წელიწადში რეგიონში შესაძლოა გაიხსნას დაახლოებით ათასი საწარმო ფრანჩაიზინგის სისტემით, რომლებშიც 15 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
ორდღიანი გამოფენის ფარგლებში იმართება საქმიანი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ფრანჩაიზინგული კომპანიების პირველი პირები, ასევე ექსპერტები და კონსულტანტები. გამოფენის ფარგლებში ფრანჩაიზინგის წამყვანი პრაქტიკოსები და კონსულტანტები მასტერ-კლასებს ატარებენ.
ღონისძიება ტარდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში", ევროპულ-ქართული ბიზნეს-საბჭოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.