თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. პროკურატურის მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეა, მთავარ პროკურატურას გათავისუფლების თხოვნით მიმართა, იუწყება ტელეკომმპანია „იმედი“ (Imedi).
მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირია.
სუბელიანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა მისი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.
„მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, — ნათქვამია სუბელიანის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
სუბელიანი აცხადებს, რომ გამოძიებისა და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.
„იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება“, — აცხადებს სუბელიანი.
სუბელიანი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები სიმართლეს დაადგენენ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
მირზა სუბელიანმა ასევე მწუხარება გამოთქვა ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და მათ მშობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
„გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც შოკში ჩაგვაგდო“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და უარყო, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირია. თუმცა დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა ის 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.