იმერეთში ახალი საწარმო გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliკერძო მეურნეობები იმერეთში
კერძო მეურნეობები იმერეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანის რაიონში დაფნის საწარმო გაიხსნა, რომლის მთლიანი პროდუქცია ექსპორტზე გადის

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ვანში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო — შპს „ქართული დაფნა“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ატამი - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

საწარმო „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.

სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, იმერეთის რეგიონში შეიქმნა 8 ახალი და ხელახლა აღიჭურვა 75 საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველო — ბიზნესის“ ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.


ყველა ახალი ამბავი
0