ქართული მოდერნიზმი: პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

© National Library of Georgiaპეტრე ოცხელის ნამუშევარი "ჩატეხილი ხიდი"
პეტრე ოცხელის ნამუშევარი ჩატეხილი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში, აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით თიბისი გალერეაში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, ნათქვამია თიბისი გალერეის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ისტორიული პროექტის ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით,  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდა. რესტავრირებული ნამუშევრები  თიბისი გალერეაში გამოიფინა, რომელთა უმეტესი ნაწილი აქამდე ფართო საზოგადოებას არ უნახავს.

ნამუშევრები მხატვარმა სხვადასხვა წლებში შექმნა. აღსანიშნავია ისეთი ნახატების მნიშვნელობა, როგორებიცაა კოტე მარჯანიშვილთან მუშაობისას 1931 წელს შექმნილი სპექტაკლ „ოტელოს" ესკიზი, ასევე 1932 წელს შესრულებული „მშენებელი სოლნესი".

ესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო - Sputnik საქართველო
უცნაური ბედის მქონე ჭაბუკი

პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში, მხატვრული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა. 1927 წელს თბილისის მუშათა თეატრში ანატოლი ლუნაჩარსკის სპექტაკლი „ცეცხლის გამჩაღებლები" პირველად გააფორმა. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილთან ერთად მხატვარ-დეკორატორის ამპლუაში ქუთაისში მეორე სახელმწიფო თეატრის შექმნაში მონაწილეობდა (ამჟამად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) და რამდენიმე სპექტაკლი გააფორმა.

ოცხელი რუსეთშიც მუშაობდა — კორშის მოსკოვის რუსულ დრამატულ თეატრში, რომელიც 1882-1933 წლებში არსებობდა, და რუსეთის სახელმწიფო მცირე თეატრში.

1937 წელს პეტრე ოცხელი სახელმწიფო ღალატის ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და 2 დეკემბერს დახვრიტეს. მხატვრის საფლავის ადგილმდებარეობა დღესაც უცნობია.

საინტერესოა, რომ სწორედ ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის შემოქმედება გახდა საქართველოს პირველი ვირტუალური გამოფენა Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე — ეს არის გლობალური ინტერაქტიური საგანმანათლებლო ონლაინ-პროექტი, რომელიც ქსელში მთელი ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობის დანახვას უმაღლესი რეზოლუციით უზრუნველყოფს.

© National Library of Georgiaესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო"
ესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო - Sputnik საქართველო
ესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო"

წელს საქართველოში პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წელი და გარდაცვალებიდან 80 წელი აღინიშნება.

გამოფენა 30 ნოემბერს გაიხსნა და 16 დეკემბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0