თბილისი, 1 დეკემბერი —Sputnik. საცობების განტვირთვის მიზნით, დღის განმავლობაში თბილისში დიდი მანქანების გადაადგილება შეიზღუდება, ამის შესახებ თბილისის მერმა და შს მინისტრმა დღეს გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე ისაუბრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა და მას, ასევე, ესწრებიდნენ ვიცე-მერები, მინისტრის მოადგილე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
დედაქალაქის მერია შს სამინისტროსთან ერთად თბილისში საცობების დარეგულირების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ, დღის მანძილზე დედაქალაქში შეიზღუდება დიდი მანქანების, მათ შორის სადისტიბუციო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების, მოძრაობა, მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც, ყვითელი მიკროავტობუსებისთვის გამოიყოფა კონკრეტული ქუჩები, სადაც მძღოლებს მხოლოდ გაჩერებებზე შეეძლებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება.
„ჩვენ დავგეგმეთ კოორდინაციის ის მექანიზმები, რომლებმაც ძალზე ეფექტურად უნდა იმუშაონ, ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ″, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
საცობების განტვირთვის მიზნით, თბილისში ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ, რათა ტრანსპორტის მოძრაობას შეფერხება არ შეექმნას. როგორც კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მან თავის მოადგილე მაია ბითაძეს, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება უკვე დაავალა.
წინასაარჩევნოდ, კახა კალაძე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ გადატვირთულ და მოუწესრიგებელ მოძრაობას ასახელებდა.
„მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია — ჩვენი გამარჯვება იქნება", – აღნიშნა კალაძემ.
ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ მილიონს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა და მათი ნახევარი დედაქალაქშია თავმოყრილი. 2016 წლისთვის საქართველოში ყველა მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%–ს ჰყავდა ავტომობილი.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.
ხატია გიგოლაშვილი