ამის გარდა ამჟამად სპეციალურად მისთვის იწერება სიმღერა იტალიურ ენაზე. მის მიერ ამ ენაზე შესრულებული სიმღერებით მალე ქართველების გარდა იტალიელებიც მოიხიბლებიან. მომღერალს, რომელსაც პირველი ტენორი აქვს, შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ბევრ ცნობილ მუსიკოსთან მოუწია ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ ამირან ბოჭორიშვილი, რობერტ ბარძიმაშვილი, ნანა დაუშვილი, სულიკო კოროშინაძე და სხვები… სცენურ და სცენის მიღმა არსებულ ცხოვრებაზე სასაუბროდ მომღერალს თბილისში დავუკავშირდით.
– ბატონო ჯაბა, საუბარი ახალი ამბით დავიწყოთ – სულ მალე იტალიელები რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ იტალიურ ენაზე თქვენი შესრულებით მოისმენენ, ვისი ინიციატივაა ეს?
— როცა სპეციალისტებმა ჩემ მიერ შესრულებული იტალიური სიმღერები მოისმინეს, ძალიან მოეწონათ და ამ შემოთავაზების ინიციატივაც იტალიური მხარიდან წამოვიდა. ძალიან ლამაზად გაჟღერდა და გვინდა, რომ თქვენ შეასრულოთო. რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ იტალიური ტექსტი გოჩა ჯამელაშვილმა დაწერა, მასთან კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ დამაკავშირა. იმედია, სიმღერის ჩაწერა მალე მოხდება. კიდევ ბატონმა გოჩამ დაწერა ტექსტი იტალიურ ენაზე, მუსიკას ქალბატონი მანანა იმედაძე წერს და ამ სიმღერასაც, იმედია, მალე შევასრულებ. ეს ამბავი მახარებს, რადგან ძალიან მიყვარს იტალია და იტალიელები… იტალიაში არასდროს ვყოფილვარ და ამ სიმღერების მერე ალბათ ვალდებულიც ვარ, რომ იქ ჩავიდე…
– ვიცი, რომ ბავშვობა ნორიოში გაატარეთ და ძალიან ადრე ამღერებულხართ…
— დიახ, ნორიოში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე. ოთხი წლიდან ვმღერი. მერე დავდიოდი ნორიოში მუსიკალურ შვიდწლედში, სადაც სიმღერას „ივერიის“ სოლისტი ამირან ბოჭორიშვილი მასწავლიდა. მერე გადმოვედი პლეხანოვზე არსებულ რკინიგზელთა სახლში, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში. რობერტთან ყოფნის დროს ჩემი პედაგოგი ნანა დაუშვილი იყო. ბატონი რობერტი მოდიოდა, თვალს გადაგვავლებდა და გვეკითხებოდა, აბა, როგორ ხართ, ბავშვებოო. იქ გიტარა, დრამი და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები იყო და ვეუფლებოდით. მე ძირითადად ნანას სიმღერებს ვასრულებდი.
– საესტრადო სასწავლებელშიც ბევრი კარგი პედაგოგი გასწავლიდათ…
— პირველ რიგში მინდა ვახსენო ქალბატონი შურა ჯანელიძე – ნუცას დედა, რომელიც მასწავლიდა წერეთელზე არსებულ საესტრადო სასწავლებელში, სადაც 1998 წელს ჩავაბარე. ქალბატონი შურა ასაკოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ვმეგობრობდით. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თავისი საქმე ისე უყვარდა, რომ ეს არ აბრკოლებდა. მსახიობის ოსტატობას კარგი მსახიობი, ქალბატონი ლია თევზაძე მასწავლიდა. ფილარმონიის რეჟისორი ჩემი უახლოესი მეგობარი გაიოზ ქართველიშვილი გახლდათ. პირველად, სანამ დავმეგობრდებოდით, თვითონ გამიცნო: აუდიტორიაში ვმღეროდი, როცა გამოიარა, გაჩერდა, მომისმინა და დაინტერესდა. ეგრევე საკონცერტო პროგრამაში ჩამსვა. მე უკვე პირველი კურსიდან კონცერტებზე ორ-ორ სიმღერას მამღერებდნენ.
– ყველაზე დიდი წარმატება რომელმა სიმღერამ მოგიტანათ და შემოქმედებაში რაიმე „მსხვერპლზე“ თუ წასულხართ ვინმეს გამო?
— ყველაზე მეტად მომწონს ნუგზარ თუშიშვილის პატრიოტული სიმღერა „ჩვენთან არს ღმერთი“. რაც შეეხება „მსხვერპლზე წასვლას“, მახსენდება კონკურსი „ესტრადა 2001“, სადაც ლაურეატი გავხდი. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ლევან კასრაძე და ჯულია მურადელი, მერაბ სეფაშვილის დედა. იქ მოხდა ასეთი რამ: ლევან კასრაძემ იცოდა, რომ კონკურსზე უნდა მემღერა სიმღერა „ვარდები არ არიან“, მაგრამ ჩემ საგულშემატკივროდ დედა მოვიდა და მთხოვა, ძალიან მიყვარს სეფაშვილის „სერენადა“ და მოდი, ეგ შეასრულეო. მეც უცებ გადავწყვიტე და მისი თხოვნით ეს სიმღერა ვიმღერე. მაშინ ამ თვითნებობის გამო ლევანი გამიბრაზდა, ჩემთვის გრან-პრი უნდა მოენიჭებინათ და არ მომცეს. ასე რომ, დედაჩემის თხოვნის შესრულების გამო მაშინ მხოლოდ ლაურეატი გავხდი…
– რას გაიხსენებთ მეორე მუსიკალურში სწავლის პერიოდიდან?
— ნუცუბიძეზე არსებულ მეორე მუსიკალურში 2001 წელს ჩავაბარე. იქ კლასიკას თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი გივი წულუკიძე მასწავლიდა. ლექციებზე ხან მივდიოდი, ხან არა და დირექტორმა თენგიზ გადილიამ მითხრა, ხალხი უფასოზე სწავლას ნატრობს და შენ სწავლა არ გინდაო?! მაშინ ჩემთან ერთად სწავლობდნენ სოფო და ბორის ბედიები, ისინი სულიკო კოროშინაძის მოსწავლეები იყვნენ. ამის მერე თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება. ფილარმონიის დირექტორის მერაბ დონაძის ძმა მამზადებდა.
– გამოდის, რომ ძალიან კარგ ხალხთან მოგიწიათ ურთიერთობა, ესეც ხომ გამართლებაა?
— ეს გამართლება არ არის, ეს ბედნიერებაა. ვინც კი ვახსენე, მათთან ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. 2002 წელს ჩავწერე პირველი სიმღერა, ეს იყო ჩემი მეგობრის მაკა ტრაპაიძის სიმღერა „გავფრინდეთ შორს“… შორს გაფრენის რა მოგახსენოთ და ეს სიმღერა რადიოებშიც გადიოდა და საღამოებსა და კონცერტებზეც ვასრულებდი.
– თქვენ მაღალი დიაპაზონის ხმა გაქვთ და კლასიკას მღეროდით, რატომ არ აირჩიეთ ის გზა?
— მე პირველი ტენორი მაქვს, ფაქტობრივად სამი ოქტავა ხმა მაქვს. როცა მომისმინეს, ბევრმა პედაგოგმა მითხრა, კლასიკა აუცილებლად უნდა იმღეროო. მერე რატომღაც მივანებე თავი, საქართველოში არ არის ეს დაფასებული, თანაც, მე ვფიქრობ, ან ერთი უნდა იმღერო, ან მეორე…
– „ყველა სიმღერა რასმე გვახსენებსო“ და ყველაზე ბედნიერ დროს რომელი სიმღერა გახსენებთ?
— 2004 წელი იყო, როცა ჩავწერე მადონა ოლქიაშვილის სიმღერა „ფიქრები“. მაშინ მეუღლეზე ვიქორწინე და ეს სიმღერაც იმ დროს დაემთხვა. ის ნუკრი რუხაძესთან ჩავწერე. სიმღერა კარგი გამოვიდა და თან იმ ბედნიერ დღეებსაც მახსენებს. საერთოდ კი ყველა სიმღერას განსაკუთრებული ემოცია და განწყობა მოქვს და ჩემთვის ყველა მათგანი ძვირფასია…