თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. არგენტინა წყვეტს დაკარგული წყალქვეშა ნავის „სან-ჰუანის“ ეკიპაჟის წევრების საძიებო ოპერაციას, რადგან, სპეციალისთა თქმით, გუნდს გადარჩენის შანსები აღარ დარჩა, იუწყება გამოცემა Independent-ი.
არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაცემებით, გემზე ჟანგბადის ერთკვირიანი მარაგი იყო, ხოლო სურსათის მარაგი 15 დღეზე იყო გათვლილი. სუბმარინა, რომლის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, კავშირზე 15 ნოემბრიდან არ გამოსულა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 18 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ენრიკე ბალბიმ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წყალქვეშა ნავის ძებნა გაგრძელდება.
„ის ფაქტი, რომ ამდენი დრო გავიდა, საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ექსტრემალური გადარჩენის შესაძლებლობა“, — განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხრეთ სარდლობის წარმომადგენელმა ერიკ რეინოლდსმა.
დაკარგული სუბმარინა აგებულია გერმანიაში. არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიგრძე 66 მეტრს შეადგენს.
რეაქციები განცხადებაზე
არგენტინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვეს, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ობიექტური ლოგიკით აიხსნება.
„გაკვირვებული და შეძრწუნებულნი ვართ ამის გამო. მოგვიანებით აუიცილებლად დავუკავშირდებით სამხედრო-საზღვაო ძალებს“, — განაცხადა პორტ კომოდორო-რივადავიას ადმინისტრატორმა ფავიო კამბაბერიმ.
დაკარგული ეკიპაჟის ახლობლებს ემოციური რეაქცია ჰქონდათ. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ისინი ოფიცერთა სახლში იმყოფებოდნენ. ექიმები მათ მდგომარეობას აკვირდებოდნენ.
„ჩვენ გვინდა, რომ მათი ძებნა განაგრძონ. ჩვენ ეს გვჭირდება, რომ ნორმალურად გამოვეთხოვოთ მათ“, — განაცხადა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დედამ.
იყო მკვეთრი რეაქციაც, რასაც შეურაცხყოფა ახლდა. ოფიცრების ჩათვლით, ყველა ტიროდა.
„ოფიცრები განადგურებულები არიან, მათ გვითხრეს, რომ ის, ვინც წყალქვეშა ნავზეა, მათი მეგობრები არიან“, — განაცხადა ერთ-ერთმა ნათესავმა.
28 ნოემბერს არგენტინის მედიამ დაკარგული ხომალდიდან მიღებული ბოლო შეტყობინება გამოაქვეყნა: „აკუმულატორის ბატარეაში ვენტილაციის სისტემიდან შემოსულმა ზღვის წყალმა მოკლე ჩართვა გამოიწვია, დაიწყო ხანძარი. ბატარეები დამჯდარია“. ასევე იყო მითითებული, რომ მომდევნო მოვლენების შესახებ ეკიპაჟი სარდლობას ინფორმაციას მიაწვდიდა.
მანამდე, 23 ნოემბერს, წყალქვეშა ნავის ძებნის ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. ექსპერტების თქმით, შესაძლოა, ის წყალბადის დაგროვებამ გამოიწვია. რუსული ბალტიის ფლოტის ყოფილი სარდალი ვლადიმირ ვალუევიც მიემხრო ამ ვერსიას. მან ასევე ივარაუდა, რომ სუბმარინაში წყლის მოხვედრისას შეიქმნებოდა ქლორი, რომელიც ეკიპაჟის სიკვდილს გამოიწვევდა.
წყალქვეშა ნავის ნაღმზე აფეთქებისა ან „გარე შეტევის“ შესაძლებლობა არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უარყვეს.