ყველაზე ცივი პერიოდის დადგომა არ ნიშნავს, რომ კომბოსტოსავით უნდა გამოვიყურებოდეთ. ზამთრის მოდური ტრენდები 2018 ქალებს საშუალებას აძლევს, იყვნენ გამორჩეული და აჩვენონ, რამდენად ძლიერ ერთგული არიან მოდის.
ქართველმა დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" ზამთრის სეზონის საიდუმლოებებზე ისაუბრა.
- თინათინ, გვიამბეთ ზამთრის ტრენდებზე.
— პირველ რიგში, იმისთვის, რომ ტრენდში იყოთ, სამოსის შერჩევისას უნდა გქონდეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა გულგახსნილობა, გემოვნება და სითამამე.
ამ სეზონზე პოპულარულია ყვითელი და წითელი ფერები. ასევე მოდაშია ყავისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ლიმონისფერი, ზურმუხტისფერი, ასევე ბეჟი ფერები. მოდის მიმდევრის გარდერობში ასევე უნდა იყოს კლასიკური შავ-თეთრი პალიტრა.
რაც შეეხება დიზაინსა და თარგს, მოდაშია თავისუფალი ფასონი და სრული ასიმეტრია. ეს ტრენდი ორი კურდღლის დაჭერაში გვეხმარება — იყო ტრენდში და დაფარო ფიგურის ნაკლი. ძირითადი სტილია თავისუფალი თარგი, პირდაპირი და გაშვებული სილუეტები, ასიმეტრიული თარგი, ასევე პრეპის სტილი — ესაა საქმიანი სტილისა და smart-casual-ის შერწყმა, რაც გულისხმობს სისუფთავეს, ელიტურობასა და მოხერხებულობას.
ასევე მოდაშია გარსონის სტილი — ქალისა და მამაკაცების გარდერობის უჩვეულო შერწყმა. ეს სტილი თავდაჯერებულ ქალებს მოუხდება.
კვლავ ტრენდშია პრინტი-ორნამენტები, სხვადასხვა აპლიკაცია, კუბოკრული და ზოლიანი. არ უნდა დაივიწყოთ ასევე რეტრო-სტილი. ბეწვეული და ტყავი ასევე აქტუალური იქნება ამ ზამთარს. სხვათა შორის, ბუნებრივი ბეწვი ხელოვნურმა დაჩრდილა, განსაკუთრებით მოდურად მიიჩნევა ნათელი და პასტელის ტონების ქურქები.
თუ განვაზოგადებთ, ტრენდშია სიმსუბუქე, ქალურობა და სიკაშკაშე.
დიზაინერები ყოველ წელს ვიმეორებთ, რომ მოდურია ის, რასაც ატარებთ და გიხდებათ, რაშიც თავს თავისუფლად და კარგად გრძნობთ. უბრალოდ, ცოტა თვალი უნდა გადაავლოთ ჟურნალებს ან მოიძიოთ ინტერნეტში, რომ მოდის ბოლო ტენდენციების შესახებ გაიგოთ და უკვე აქედან გამომდინარე შეიძინოთ ახალი ტანსაცმელი და შეუხამოთ იმას, რაც უკვე გაქვთ გარდერობში.
2018 წლის ზამთრის მოდა ასევე ითხოვს ლითონიზირებულ ფაქტურას, ბუმბულს, რომლითაც ამშვენებენ კაბის კალთასა და მთლიანად ზედა ნაწილს. აქტუალურია ბუმბულის ქურთუკები oversize, ხავერდი და ველვეტი, ქურქები. რაც შეეხება თბილ ქურქებს, აქ შესაძლებელია გამოიყენოთ ყავისფერი, ნაზი ვარდისფერი და სხვა.
- და მაინც, რომელ ელფერს გამოყოფდით ახალ სეზონში?
პირადად მე გამოვყოფდი შავისა და თეთრის შერწყმას, სწორედ ასეთი მიქსი გამოვიყენე ჩემს ბოლო კოლექციაში. ასევე გამოვყოფდი ფირუზისფერს, წითელსა და ბეჟ ფერებს.
- თინათინ, ზოგს უყვარს თქმა, რომ მოდა ზამთარში ისვენებს, რადგან ყველა თბილად ჩაცმას ამჯობინებს.
— ამას არ ვეთანხმები. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. არის ძალზე ლამაზი ზამთრის თბილის სამოსი, რომელიც არა მარტო ლამაზია, არამედ ათბობს კიდეც, უბრალოდ, შეხამება უნდა ვიცოდეთ. ეს ერთი; მეორეც — განა მოდის მიმდევრებს ზამთარი შეაჩერებს? ამის ამ მჯერა. კი, ბევრი ანიჭებს უპირატესობას პრაქტიკულ და თბილ სამოსს, მაგრამ, გავიმეორებ, ის შეიძლება, რომ მოდური და ლამაზი იყოს. თუ გიჭირთ ზამთრის გარდერობის შერჩევა ისე, რომ არ გაიყინოთ და თან, ლამაზად გამოიყურებოდეთ, დიზაინერს მიმართეთ.
- რაც შეეხება ხავერდს, რომელიც ახლა მოდის პიკშია, რა ტიპის ქალს შეუძლია მისი ჩაცმა?
— ხავერდი გამხდარ ქალებზეა გათვლილი; ცნობილია, რომ ეს მასალა ასუქებს. იმავეს თქმა შემიძლია ნაქსოვ კაბაზეც. ეს ძალზე ლამაზი და აქტუალური ტრენდია, მაგრამ უმეტესად გამხდრებს უხდებათ.
მინდა დავამატო, რომ ფერადი წინდები მოდიდან გადის. გამოიყენეთ მხოლოდ შავი წინდა ან მოქსოვილი ფაქტურის წინდები, რომლებიც ამ სეზონზე ტრენდშია.
- ბოლო წლები ტრენდში გამოკვეთილია მხრები და ეს ძალიან აქტუალურია, ეს თემატიკა რჩება?
— დიახ. თუ მოდების ბოლო ჩვენებებს ვნახავთ, ზედა სამოსი სწორედ სამხრეებით არის წარმოდგენილი. მხრების გამოსაკვეთად კიდევ სხვა დეკორის გამოყენებაც შეიძლება.
- ტოპ-ხუთეული, რაც უნდა იყოს ჩვენს გარდერობში ზამთარში?
— მე თვითონ უპირატესობას ვანიჭებ კაბებსა და ლამაზ ქვედაბოლოებს, მაგრამ ვსაუბრობთ ზამთრის ტანსაცმელზე, ასე რომ შარვალს პირველი საპატიო ადგილი უნდა მივცეთ.
თუ ქალს წელი ცუდად აქვს გამოკვეთილი, პირდაპირ თარგზე შეკერილი შარვლები უფრო მოუხდებათ, დაბალ ქალებს — მაღალწელიანი ფასონები. მაღალ და გრძელფეხება ქალებს ვურჩევ დაბალწელიან შარვლებს. ქალებს, ვისაც ვიწყო თეძოები აქვთ, ურჩევნიათ, დიდჯიბიანი შარვალი შეიძინონ. ანუ, ტანსაცმლით ყველა ნაკლის დამალვა შეიძლება.
მეორე ადგილს კარდიგანებს მივცემდი. მათი შერჩევა შესაძლებელია ყველა შემთხვევისთვის.
მესამეზეა ნაზი, მსუბუქი და თბილი ქაშმირი. ის ათბობს და მოსახერხებელია.
მეოთხე ადგილზე ჩემს სიაში პალტოა. მე ზამთრის ისეთი მოსაცმელები მომწონს, რომლებიც ფიგურას უსვამს ხაზს. მოდაშია პალტო დიდი ასიმეტრიული საყელოთი, ორიგინალური ქამრით, ტყავითა და ბეწვის გაწყობილი.
და მეხუთეზეა კლასიკური შავი კაბა. ზამთრის გარდერობში მნიშვნელოვანია მოსახერხებელი კაბის ქონა, რომელიც მოუხდება პალტოსაცა და ჩექმასაც. გახსოვდეთ ზომიერების გრძნობა და ყველაფერი გამოგივათ.