თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14,7 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით ხუთ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეუფარდეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა კონტრაბანდული პროდუქცია თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში გარდაბანსა და ბოლნისში ამოიღეს.
ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 39 ათასი ლარია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით ("პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რო უწყება მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავს დანაშაულებებთან ბრძოლას.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის და დამნაშავე პირების მხილების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.
2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა.