ტკივილს ვერ აანაზღაურებს - სასტუმროს მფლობელებს დაღუპულთა ოჯახების დახმარება სურთ

© Sputnik / Seyran Baroyan„ლეოგრანდი"
„ლეოგრანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ხანძრის დროს დაიღუპა 11 ადამიანი, აქედან ათი საქართველოს მოქალაქე იყო

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ლეოგრანდის" ხელმძღვანელობა მზადაა, მატერიალურად დაეხმაროს ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს, აღნიშნულია სასტუმროს მეპატრონის, ეროლ ავგორენის განცხადებაში, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ხანძარი ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში პარასკევ საღამოს მოხდა. ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.

„კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია", — აღნიშნულია განცხადებაში.

ხანძარი „ლეოგრანდში - Sputnik საქართველო
ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათას ლარს მიიღებენ

ავგორენმა განცხადებაში ბოდიში მოიხადა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციის გამო, თითქოს ადამიანების დაღუპვა მათივე ბრალი იყო.

„მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მე-6 სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი, სავარაუდოდ, გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სასტუმროს ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და მზადაა, ხანძრისთვის პასუხისმგებლობა იკისროს.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა მთლიანად დაფარავს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს და ასევე თითოეულ ოჯახს 10 ათასი ლარს გამოუყოფს.

ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0