თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობა სრულად დაფარავს ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპული მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს, ასევე მათი ოჯახებისთვის, თითოეულისთვის 10 ათას ლარს გამოყოფს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილება ამის შესახებ აჭარის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ზურაბ პატარაძე თავმჯდომარეობდა. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში" პარასკევს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანრის ეპიცენტრი, სავარაუდოდ, სპა–სალონში იყო. შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 21. ერთ-ერთი დაღუპული ირანის, დანარჩენები — საქართველოს მოქალაქეები არიან.
„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს" — განაცხადა ზურაბ პატარაძემ, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დილიდან დაშვებულია. ტრაგედიის მსხვერპლს იხსენებენ ბათუმშიც — ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სასტუმროს შესასვლელთან ყვავილები მიაქვთ.
ხანძართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 243-ე მუხლით („სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი"), რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. თურქეთის მედიის ცნობით, ის თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.