თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ХХ საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ვირტუოზი–პიანისტები ევგენი კისინი და ბორის ბერეზოვსკი, ასევე ბოროდინის სახელობის სიმებიანი კვარტეტი მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი 5–28 დეკემბრის პერიოდში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ჩატარდება.
პიანისტ ბორის ბერეზოვსკის მონაწილეობით საფორტეპიანო მუსიკის საღამო 19 დეკემბერს გაიმართება, ბოროდინის სახელობის კვარტეტი მსმენელის წინაშე 21 დეკემბერს წარდგება, ხოლო კისინის კონცერტი კი 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი როგორც კონსერვატორიის სალაროში, ისე ონლაინ.
ფესტივალის ფარგლებში ცნობილ რუს მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოვლენ გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი გიდონ კრემერი და შვეიცარიელი ორგანისტი, საორგანო მუსიკის ცნობილი იმპროვიზატორი რუდოლფ ლუტცი. მათი კონცერტები 16 და 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.
„საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებზე“ ასევე გაიმართება ვოკალური მუსიკის საღამოები, იტალიელი პიანისტის ანტონიო ფარაოს კვარტეტის მონაწილეობით ჯაზ–კონცერტი, ფოლკლორული მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ვოკალური ანსამბლი „შავნაბადა“ და ცნობილი ქართველი მევიოლინის, მარინე იაშვილისა და კომპოზიტორ სულხან ნასიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტები.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, პიანისტ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.