თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი დაიწყებს ახალი კანონპროექტის განხილვას, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს — რეგისტრაციას, კვებით, ვეტერინარული დახმარებითა და გასეირნებით უზრუნველყოფას და ა. შ.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა რვა კანონპროექტი, მათ შორის კანონპროექტი „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“. ცვლილებების ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
მსგავსი ცვლილებების მიღების მცდელობა მანამდეც იყო. პირველ ჯერზე მომსმენა საპარლამენტო არჩევნებამდე გადაიდო. არჩევნები 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ახლა დადგა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს წარუდგინეს ახალი კანონი, რომლის მიზანია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ადამიანისა და ცხოველის არსებობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, შინაური ცხოველების პოპულაციის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების შემოღება.
პროექტის ტანახმად, „კომპანიონი ცხოველი“ — ეს არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის, ბეწვის, ბუმბულის, ტყავის საწარმოებლად. ამასთან აიკრძალება ათზე მეტი ცხოველის ყოლა.
კანონპროექტი შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციას, მათ ჩიპირებას და ერთიანი რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
აკრძალულია საკუთარი ცხოველის მიტოვება ან მოკვლა. ცხოველის პატრონმა უნდა უზრუნველყოს ის კვებით, წყლით, ასეირნოს, გაწვრთნას იგი და გამოიყენოს სპეციალური ფიზიკური დატვირთვები, განახორციელოს დროული ვეტერინარული მომსახურება.
არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ მფლობელებმა უზრუნველყონ ყველა პირობა, რომელიც გამორიცხავს შინაური ცხოველის გაქცევას ან დაკარგვას. მათი მოთხოვნით, უნდა აიკრძალოს ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა.
უნდა აიკრძალოს ცხოველის ჩუქება 18 წლამდე ასაკის პირთათვის მათი მშობლების თანხმობის გარეშე.
კანონპროექტი ძაღლების გასეირნების წესებსაც განსაზღვრავს. ძაღლების გასეირნება, დეკორატიული ჯიშის გარდა, საზოგადოებრივ ადგილებში ნებადარტულია მხოლოდ მოკლე საბელით ან საბელითა და ალიკაპით. ამასთან პატრონი ვალდებულია ცხოველის შემდეგ დაასუფთავოს სივრცე.
დაწესებულებებმა, რომლებშიც შესვლა ძაღლებით აკრძალულია, უნდა გამოყონ ადგილები დაცულ ტერიტორიაზე, რათა იქ ცხოველის დაბმა იყოს შესაძლებელი.
კანონპროექტის თანახმად, მფლობელმა უნდა მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ მისმა ცხოველმა სხვა ცხოველი ან ადამიანი დაკბინა თუ დაკაწრა. ცხოველს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა, ხოლო დაზარალებულ მხარეს აუნაზღაურდეს ზარალი.
არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სამედიცინო საჭიროების გარეშე აიკრძალოს ცხოველებისთვის კბილების, ეშვების, კლანჭების, ხმის იოგების ამოღება, კუდისა და ყურების მოჭრა.
პროექტი კრძალავს გენეტიკური პათოლოგიების მქონე ცხოველთა გამრავლებას, ასევე კომპანიონი ცხოველების შეჯვარებას გარეულ ცხოველებთან.
ფიზიკური პირები, რომლებიც ცხოველთა მოშენებითა და მათი გაყიდვით არიან დაკავებულნი, ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია როგორც ბიზნეს-ოპერატორი.
კანონპროექტი უპატრონო ცხოველების მოვლის სფეროსაც არეგულირებს — ეს არის თავშესაფრებში კარანტინის, პოპულაციის კონტროლის, ვოლიერების სტანდარტების დაწესება.
ცვლილებათა პაკეტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გარდა, გათვალისწინებულია სასჯელი ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებსა და უკანონო ოპერაციების გამო.
სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება გაჩნდეს მუხლი, რომელიც ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზების გამო სასჯელს ითვალისწინებს.
ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსის თანახმად დაისჯება. ეს შეეხება როგორც ცხოველთა მფლობელებს, ისე ცხოველთა თავშესაფრებს, ნათქვამია კანონპროექტში.