კომპანიის ქარხანა თბილისის გარეუბანში მდებარეობს და დაახლოებით 6000 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს. შინაური ცხოველების ავეჯის წარმოებისა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტირების იდეა დამფუძნებლებს 2014 წლის ივნისში გაუჩნდათ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირებას ხდის შესაძლებელს.
„როდესაც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ალაპარაკდნენ, მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ის პროდუქტები, რომლებიც ევროპაში ჩინეთიდან შედის, საქართველოში ვაწარმოოთ. რადგან როდესაც ავეჯის იმპორტი ჩინეთიდან ხორციელდება, ევროპულ ქვეყნებში 12%-იანი საბაჟო გადასახადია გადასახდელი. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ აგვეცილებინა ეს 12%", — განაცხადა "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას კომპანია Georgian Products-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.
Georgian Products-მა საკუთარი იდეის განხორციელების მიზნით დახმარებისთვის მიმართა სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში".
„ამ პროგრამისგან 450 ათასი დოლარი მივიღეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა, რადგან ეს ე.წ. იაფი კრედიტია… ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ის თანხა, რომელიც ჩვენ სრულად გვჭირდებოდა, მაგრამ ის ბევრ რამეში დაგვეხმარა. ყველა ის დანადგარი, რომელიც წარმოებისთვის გვჭირდებოდა, ამ ფულით შევიძინეთ", — აღნიშნა ბარდაველიძემ.
პირველი პროდუქცია ქარხანამ 2015 წელს გამოუშვა. Georgian Products-ის დამფუძნებლები ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ იმპორტზე. ამჟამად ქარხანა შინაური ცხოველებისთვის ავეჯის დაახლოებით 60 სახეობას უშვებს. 2016 წელს ექსპორტზე 9 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანეს.
„პროდუქციას ვაწვდით კომპანია Zooplus-ს, რომელიც მთელ ევროპაში ოპერირებს. ჩვენს პროდუქციას ვაგზავნით კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებში, რომლებიც გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და პოლონეთში მდებარეობს. ამ ლოგისტიკური ცენტრებით ისინი მთელ ევროპას ფარავენ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება ავეჯის საწარმოებლად საჭირო მასალებს, მათი უმრავლესობა კომპანიას უცხოეთიდან შემოაქვს. იმპორტირებულ პროდუქციას შორის არის არყის ხისგან დამზადებული ფანერი, აგავას თოკები, ავეჯის შესაფუთი ყუთები. ქარხნის ძირითადი მომწოდებლები არიან ბელარუსი, ჩინეთი და თურქეთი.
„წარმოებაში დაახლოებით 250 დასახელებას ვიყენებთ. მაგალითად, ფანერი. ის არყის ხისგან უნდა იყოს დამზადებული. საქართველოში კი წარმოებისთვის არყის ხე არ არის, მას ბელარუსიდან ვიღებთ", — განაცხადა Georgian Products-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
ქარხნის მფლობელთა თქმით, საქართველოში შემოტანილი პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. უახლოეს მომავალში კომპანია ევროპულ ბაზრებზე თავისი პროდუქციის მიწოდების 20-25%-ით გაზრდას გეგმავს.
ამჟამად შინაური ცხოველების ავეჯის ქარხანაში 400 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს.
ქარხნის მფლობელები შშმ პირებზეც ზრუნავენ — მათ ოთხი შშმ პირი დაასაქმეს.
მომავალში კომპანია წარმოების გაფართოებას და გამოშვებული პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას გეგმავს, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.