თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრემიერ–მინისტრმა პაველ ფილიპმა განაცხადა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან“ დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისას ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
თბილისში ფილიპმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკის მიმართულებით პოტენციალის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და მეგობრული კავშირები.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო საქართველოს მხარისადმი მადლობის გადახდით იმ თბილი მიღებისთვის, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ვიგრძენით. ჩემს დელეგაციასთან ერთად, ნამდვილად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თბილისში. მქონდა შესაძლებლობა, პირადად დავრწმუნებულიყავი საქართველოს ცნობილ სტუმართმოყვარეობაში, არა მხოლოდ გაგონილით, არამედ საკუთარი გამოცდილებით", – განაცხადა ფილიპმა.
საქართველო და მოლდავეთი წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.
„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი ფორუმის კარგი ორგანიზებისთვის. ჩვენთვის ეს წელი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებიდან 25 წელი გავიდა, თუმცა, კულტურული და მეგობრული ურთიერთობები ჩვენ გაცილებით ადრე გვაერთიანებდა. ჩვენ ძალინ ბევრი გვაქვს საერთო, როგორც ისტორიული, ისე კულტურული თვალსაზრისით“, – აღნიშნა ფილიპმა.
შეხვედრის დროს კვირიკაშვილმა მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და კოლეგას ანალოგიური პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის დასაწყისი იქნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაერთიანებს ევროკავშირისკენ საერთო სწრაფვა, რაც სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს როგორც მოლდავეთისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ გაერთიანებული ვართ ძალზე მნიშვნელოვან ფორმატებში, როგორიცაა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, სუამი და ყველა საერთაშორისო ფორმატებში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრის დროს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" და "მოლდოვის რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას".
ცერემონიას ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრები ესწრებოდნენ.
პაველ ფილიპი მოლდავეთის პრემიერ მინისტრის რანგშისაქართველოს პირველად ეწვია.
საქართველომ და მოლდავეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებებით და უკვე 19 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამასთან ერთად, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ თბილისში სტარტი სამშაბათს აიღო. ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები — სულ 2 ათასამდე დელეგატი.
პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თბილისში მსჯელობენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.