თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სამშაბათს ხელი მოაწერეს ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ ციენ ქემინგმა.
მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოში ეკონომოკური ზონების ტერიტორიაზე ჩინური წარმოებების შექმნის ხელშეწყობას აპირებს. ეკონომიკურმა ზონებმა შეიძლება მოიცვას ინდუსტრიული ზონები, ინდუსტრიული პარკები, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარკები, ინდუსტრიული კლასტერების პარკები, სპეციალური ეკონომოკური ზონები და თავისუფალი ეკონომოკური ზონები.
ამასთან ჩინური მხარე ეკონომიკური ზონების მშენებლობაში, მათ მართვაში და ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩინური კომპანიები მზად არიან, საქართველოს გაუზიარონ თავისი გამოცდილება ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზონების განვითარების სფეროში, ასევე ქართველი პერსონალის სწავლება უზრუნველყონ.
ჩინური მხარე შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების, ელექტროენერგიის, ქიმიკატების, ტექსტილის, ავტომექანიკის წარმოების შესაძლებლობებს. ის ასევე დაინტერესებულია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების განვითარებით და აგრეთვე ტექნოლოგიურ კვლევებსა და სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში მონაწილეობას აპირებს.
„ის [მემორანდუმი] თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები“, — განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების რეალიზება საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
იკითხეთ ასევე: ჩინელი ინვესტორი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 75%-იან წილს მიიღებს >>>
ამჟამად ჩინური კომპანიები საქართველოში სამ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავენ — თბილისში, ქუთაისსა და ფოთში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახეა, რომელშიც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავატები მოქმედებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ფართობზე არაუმეტეს 10 ჰექტარისა. მის შესაქმნელად ტარდება შესაბამისი ტენდერი, რომლის შედეგების მიხედვით მისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ინვესტორს იჯარით მინიმუმ 49 წლის ვადით გადაეცემა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იურისდიქცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცედლება.