უქმდება დაზვერვის სამსახური: ვინ მიხედავს ჯაშუშებს?

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი დურბინდში იხედება
მამაკაცი დურბინდში იხედება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზვერვის სამსახურის გაუქმება სამთავრობო რეფორმის ფარგლებშია გათვალისწინებული

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა ცვლილებათა პროექტი კანონში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, რომელიც დაზვერვის სამსახურის გაუქმებას და მისი ფუნქციების სუს-ისთვის გადაცემას გულისხმობს.

საქართველოს დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელი უწყება 1997 წლის 19 სექტემბერს გახდა — ეს დღე ოფიციალურად მზვერავის დღედ გამოცხადდა. 2004 წელს ეს სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კი, 2005 წლის 24 იანვარს კვლავ დამოუკიდებელი უწყება გახდა.

2013 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების უწყებას წარმოადგენს.

დაზვერვის სამსახურის გაუქმება მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია გათვალისწინებული. რეფორმების შემდეგ სამინისტროების რიცხვი 16-დან 13-მდე შემცირდება.

„ვინაიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხსა და ამასთანავე, გამოწვევას წარმოადგენს უსაფრთხოება, მიზანშეწონილია, ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი, ერთიანი და მოქნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი სტრუქტურული მექანიზმი სახელმწიფოში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით“, — ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს მთავრობის ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
შერწყმა და გაუქმება: საქართველოს მთავრობის ბედი პარლამენტის ხელშია

კანონპროექტის თანახმად, სუს-ი განსაზღვრავს დაზვერვის ამოცანებსა და პრიორიტეტებს, დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში მიავლენს. გარდა ამისა, სუს-ი მიაწვდის სადაზვერვო ინფორმაციას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათი კომპეტენციის თანახმად.

აგრეთვე სუს-ი განახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას სხვა ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების სადაზვერვო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, ასევე მიიღებს ზომებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ასევე,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სუს-ი კონტრდაზვერვით საქმიანობას შეიარაღებულ ძალებშიც განახორციელებს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ სუს-ი ინფორმაციის დაცვის მიზნით შექმნის და გამოიყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს, შექმნის და შეიძენს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობებსა და სისტემებს.

სუს-ი ექნება უფლება დაიცვას თავისი თანამშრომლები, და უფლებამოსილი პირების გარდა, ვერავინ ვერ მოითხოვს ინფორმაციას იმ პირებისა თუ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მასთან კონფიდენციურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს 15 ათასი ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას სუს-ის იმ თანამშრომლების მემკვიდრეებისა, რომლებიც დაზვერვასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ, ასევე მათი დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას.

კანონპროექტი ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.


ყველა ახალი ამბავი
0