თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა 111 კანონპროექტისგან შედგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქვეყნის მთავრობის რეფორმირებას ითვალისწინებს.
მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ინიციატივა და კანონპროექტების პაკეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნა.
ძირითადი ცვლილებები შედის კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ".
ცვლილებების თანახმად, საქართველოში 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად, იქნება 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი.
ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შევა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ნაწილობრივ გადაეცემა გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით.
გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენი ფუნქციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები ახალ უწყებას – გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს გადაეცემა.
ახალი სამინისტროს ფუნქციებში იქნება დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვა და ბუნების ძეგლების შექმნა და დაცვა.
გარდა ამისა, გაიყოფა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები. ახალგაზრდობის საქმეებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაკავდება. მის დაქვემდებარებაშივე გადავა კომპანიები, რომლებიც ამ დროისთვის სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობენ.
რაც შეეხება სპორტის მიმართულებასა და მთლიანად სტრუქტურას, იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფუნქციებში გადავა, ცვლილების თანახმად, სამინისტროს სახელწოდებაც იცვლება – კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
გარდა ამისა, საქართველოში უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამისთვის განსაკუთრებული ცვლილებები საჭირო არ არის, განაცხადა ადრე პრემიერ–მინისტრმა. ამ უწყების ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი სამი მოსმენით დაამტკიცებს კანონპროექტების პაკეტს და მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს, პარლამენტმა განახლებულ მთავრობასა და მის პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.