თბილისი, 28 ნოემბერი— Sputnik. კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ქვეყანაში დაბრუნებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ავტონომიურ ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე 21 დეკემბერს გაიმარჯვებს, იუწყება РИА Новости.
პუჩდემონი ბელგიაში გაემგზავრა 30 ოქტომბერს, კატალონიაში ესპანეთის ხელისუფლების პირდაპირი მმართველობის შემოღების შემდეგ. პოლიტიკოსი მსგავს ჩარევას უკანონოდ მიიჩნევს და საკუთარ თავს ისევ მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს უწოდებს. მიუხედავად ამისა, პუჩდემონმა საკუთარი საარჩევნო კამპანია დაიწყო და რიგგარეშე არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის ბლოკიდან „ერთად კატალონიისთვის“ წარდგენას აპირებს.
„ჩვენ, კატალონიელებმა [რეფერენდუმის დროს] დავანახეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია და გვსურს გავხდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. და 21 დეკემბერს ეს უნდა დავაფიქსიროთ“, — აცხადებს პუჩდემონი.
ავტონომიის ყოფილმა მეთაურმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
— Junts per Catalunya 🎗 (@JuntsXCat) November 27, 2017
„თუ გინდათ, თუ გსურთ, რომ პარლამენტში ვიყო, მე იქ ვიქნები და თანამდებობას დავიკავებ“, — ნათქვამია მიმართვაში.
კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ერთი საათის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ავტონომიაში პირდაპირი მმართველობა დააწესა, მოხსნა რეგიონული მთავრობა, დაითხოვა პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.
შემდეგ ესპანეთის ეროვნული სასამართლო პალატის მოსამართლემ 2 ნოემბერს კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააპატიმრა (ვადამდელი გათავისუფლების გარეშე). მეორე დღეს მან გასცა განკარგულება ბრიუსელში მყოფი პუჩდემონისა და ავტონომიის ხელისუფლების ოთხი ყოფილი წევრის დაკავების შესახებ. მათ ბრალად ედებათ ამბოხის ორგანიზაცია, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. ჯამში ეს დანაშაული 50 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ბრიუსელის პროკურატურა მოითხოვს მათ გადაცემას ესპანეთისთვის, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ბრიუსელში 4 დეკემბერს არის ჩანიშნული.