თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" დაიწყო, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან მთავრობის მეთაურები, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები — სულ 2 ათასამდე დელეგატი.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის გახსნაზე.
„საქართველო ისტორიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებსა და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულის მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლიდან მეორედ იმართება.
ფორუმის პირველ დღეს გაიმართება რამდენიმე სექტორის სადისკუსიო პანელები, ხოლო მეორე დღეს დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე მსჯელობა. ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს შორის კერძო და საჯარო სექტორიდან.
აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.