თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. აუცილებელია აღდგეს მუსიკალური სასწავლებლები, რომელიც მუსიკის პედაგოგებს გაზრდის, აცხადებს ცნობილი ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა მუსიკალური ტექნიკუმები, დავდექით შემდეგი პრობლების წინაშე: მას შემდეგ, რაც ნიჭიერი პიანისტი, მევიოლინე, საქსოფონისტი და ა.შ. ასრულებს სწავლას არსებულ მუსიკალურ სკოლებში, სანამ კონსერვატორიაში ჩაბარების დრო დგება, თუ მას არ აქვს ფინანსები იმისათვის, რომ ჩააბაროს კერძო, ძვირადღირებულ სკოლებში, ან იაროს რეპეტიტორებთან, რეალურად რჩება საჭირო განათლების გარეშე“, — ნათქვამია შიუკაშვილის მიმართვაში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც კონსერვატორიაში ჩაბარება სურს და ასევე დგება საშიშროება იმისა, რომ მომავალი თაობის აღსაზრდელად საქართველოში აღარ დარჩებიან პედაგოგები, რომლებიც ქვეყანაში უმუშევრად არიან დარჩენილი.
„აუცილებელია აღვადგინოთ მუსიკალური სასწავლებლები, რომლებიც გაზრდის პედაგოგებს!“, — აცხადებს შიუკაშვილი.
ცნობილი პიანისტი აღნიშნავს, რომ მუსიკოსის პროფესია ხდება არაპრესტიჟული, მშობლებს ეკარგებათ იმის ინტერესი, რომ შვილებმა მუსიკალური განათლება მიიღონ.
„საქართველო, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა უდიდესი, გენიოსი მუსიკოსების მშობლად, ნელ-ნელა მსოფლიო მუსიკალური რუკიდან შესაძლოა გაქრეს!“, — აცხადებს ცნობილი პიანისტი.
ვალერიან შიუკაშვილი – საქართველოს ხელოვნების აკადემიის დამაარსებელი და რექტორი, 1975 წლის 11 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა 12 წლისამ დაიწყო. თავისი პირველი და მთავარი პრიზი მუსიკოსმა 1992 წელს ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე მიიღო. 2003 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
მუსიკოსი მუდმივად დადის გასტროლებზე, კონცერტებსა და მასტერ-კლასებს მართავს ევროპის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.
ვალერიან შიუკაშვილის სახელი შესულია წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები".