თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ლონდონის „სოთბისის“ (Sotheby's) სააუქციონო სახლში ქართველი მხატვარ დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო „ზაფხული სოხუმში“ 28 ნოემბერს გამოიფინება, იუწყება „ბაია გალერეა“ საკუთარ Facebook-გვერდზე.
მე-20 საუკუნის მხატვრის ეს ნამუშევარი 1960-იან წლებშია შესრულებული და ის აუქციონზე სახელწოდებით „საბჭოთა კავშირის ხელოვნება“ 8 000 — 12 000 ფუნტად არის შეფასებული.
„სწორედ იმიტომაც აარჩიეს ეს ნამუშევარი, რომ თუნდაც იმ სისტემაში შექმნილი, ეს ნამუშევარი გამოხატავს ამ მხატვრის არჩევანის თავისუფლებას“, — განუცხადა გალერეის ხელმძღვანელმა ბაია წიქორიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს.
ბაია წიქორიძის თქმით, ქართველი მხატვრების საერთაშორისო აუქციონებზე წარდგენა ქართული მხატვრობის პოპულარიზაციას წაადგება.
საქართველოს სახალხო მხატვარი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი დავით გაბიტაშვილი (1920-2000) ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 1997 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „სოხუმის პორტი"(1957), „გაზაფხული"(1959), „სვანეთის კოშკები"(1966), „ვენეცია, სან–მარკოს მოედანი"(1969), „კარლოვი–ვარი, კაფე"(1985), „თამუნას პორტრეტი"(1988).
საერთაშორისო სააუქციონო სახლმა გაბიტაშვილი საქართველოდან წარდგენილ სხვა რვა მხატვარს შორის შეარჩია. ბოლო წლების განმავლობაში სოტბის აუქციონზე უკვე რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა.